Digest Logo

„აფხაზეთიდან რომ წამოვედით, პირველ თვეებში ბებიაჩემი ორ ქონებრივ დანაკარგს დარდობდა...“ - ვახო სანაია

1683614348
ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აფხაზეთიდან წამოსვლის ამბავს იხსენებს. მისი თქმით, ბებიამისს ეგონა, რამდენიმე თვეში დაუბრუნდებოდა მიწა-წყალს, თუმცა მისი იმედები არ გამართლდა.

„აფხაზეთიდან რომ წამოვედით, პირველ თვეებში მოხუცი ბებიაჩემი ორ ქონებრივ დანაკარგს დარდობდა.

პირველი: ეს იყო 27 სექტემბერს გემზე დაკარგული ქიცა. ვინც არ იცის - ქიცა არის ნაქსოვი მოსასხამი. მხრებზე მოსახური. საღამო ხანს აცივდებოდა თუ არა, მაშინვე ის ქიცა ახსენდებოდა.

მეორე: ეს იყო ჭიდან წყლის ამოსაღები გრძელი ჯაჭვი. დევნილობაში წყალს რომ დალევდა, ყოველთვის დააყოლებდა - პოტიკიე თე წყარ (რა თბილი და უგემურია ეს წყალიო) და დაიწყებდა წუწუნს, რა ცივი წყალი იყო გულრიფშში და ალბათ წაიღებდნენ იმ ჯაჭვსო.

დედაჩემს ნერვები ეშლებოდა, მთელი ცხოვრების ნაშრომი დატოვა იქ და ბებიაჩემს რა სადარდებელი ჰქონდა.

თავიდან მარტო ამ ორ დანაკარგს დარდობდა. თითქოს უცნაურია ბებიაჩემის ეს ქცევა, მაგრამ სინამდვილეში მიზეზი ის იყო, რომ ბევრის მსგავსად, ისიც დარწმუნებული იყო, ძალიან მალე დავბრუნდებოდით. რამდენიმე კვირა, ჰა-ჰა, რამდენიმე თვე...

ამასობაში 30 წელი გავიდა. აღარც ბებიაჩემია, აღარც მისი თაობა, მასზე უმცროსი თაობიდანაც ბევრი ისე წავიდა, ვეღარ ნახა თავისი სახლ-კარი. სულ ახალი თაობები წამოვიდა.
მაგრამ ახლოსაა განთიადი. მალე იქნება ეგ ამბავი“, - წერს სანაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩემი ოჯახი და შვილები თაღლითების ჯგუფის მსხვერპლნი გავხდით!“ - პროდიუსერი მაია სტეფნაძე ცნობილ ადვოკატს საკუთრების თაღლითური გზით მიტაცებაში ადანაშაულებს

🎥 „შესაძლოა, მოძალადე ოჯახის წევრი იყოს, ან მეზობელი, ან გამვლელი“ - რას ჰყვებიან მეზობლები სამეგრელოში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე

🎥 „თამუნას ეშინია ერთ დღეს არ დარჩეთ გარეთ… 8 წლის ვიყავი სახლი, რომ დავკარგე აფხაზეთში და იმის შემდეგ, არაფრის დაკარგვის არ მეშინია“ - ვახო სანაია