Digest Logo

„ახლოს მამაჩემის გარდაცვალების დღეა, მინდა...“ - გიორგი კეკელიძის წერილი სანტა-კლაუს!

1702546705
გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში მორიგ გულთბილ პოსტს აქვეყნებს.

გიორგის პოსტი გარდაცვლილ მამას ეძღვნება.

„ახლოს მამაჩემის გარდაცვალების დღეა.
ჰოდა, გამარჯობა სანტა-კლაუს! რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიურ სურვილებს ასრულებ, ასე მგონია, იმქვეყნადაც მიგიწვდება ხმა. მე აქ ბევრი არაფერი მინდა, ოღონდ ვინც იქაურობას განაგებს, ეს გადაეცი: მამაჩემი ახლა მანდ არის. უკვე 67 წლისაა. გამხდარი, მორცხვი კაცია. სულ ქვევით იყურება. ადვილად იცნობ. ჰოდა, რაღაც ამბები მაწვალებს და აქაურ საჩუქრებში ამ დანაბარებში გიცვლი:
მამაჩემმა სიგარეტს თავი გაჭირვების დროს დაანება. გამოხრულ კბილში რომ დიდხანს რამე საჭმელი ჩაგრჩება, ეგეთ ჩამპალ წლებში. უფულობის მოთმენის და შეგუების წლებში. მერეც ერიდებოდა, ცოტა ამოსუნთქვის წლებში მალავდა. მაგრამ ვატყობდი რომ უნდოდა მოწევა. მე ჩამქონდა და ვაძლევდი. უარობდა. არ ვეწევიო. ამაში ფულის დახარჯვა როგორ იქნებაო. ჰოდა, მინდა რომ იქ სიგარეტი ჰქონდეს. ფილტრიანი.
უმჯობესი იქნება უაზრო სიმძიმეებს თუ არ აწევს. არ შეიძლება ამდენი შრომა. აქაც შრომა. მაქაც შრომა. ამ თხილის ტომრების თრევა. ცოტა დაისვენოს. არა, ბევრი დაისვენოს. ბევრი დაისვენოს და რამე გაზეთიც თუ ავა, სადაც ჩემი ამბები ეწერება, იმას წაიკითხავს. აგროვებდა აქეთ ასეთ გაზეთებს. ბევრი აქვს. ორი უჯრა.
ვინმე იქნება ჭადრაკის მცოდნე. მას მოერიდება და იმ მეორეს უთხარი, ჭადრაკი ეთამაშოს.
აბა, შენ იცი სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „მინდოდა სოფელში ცხოვრება, სწორ დროს სწორი ადამიანი ვიპოვე ჩემი ოცნების ასასრულებლად“ - რას ჰყვება ნანკა გვარიშვილი