19 წლის ალექსანდრე აბუსელიძეს ბათუმში ასანთის ღერების არქიტექტორს ეძახიან. 2 წელია, რაც ასანთის ღერებით ურთულეს კონსტრუქციებს ქმნის. იგი პარალელურად სამართალმცოდნეობის სტუდენტია, მუშაობს ბათუმის მერიაში, მეტეოპროგნოზებითაა გატაცებული და სერტიფიცირებული კულინარია.
„დღეს დავასრულე ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა! დამჭირდა 1 წელი და 300 000 ათასი( 6250 კოლოფი) ასანთის ღერი.
SpaceX Starship - ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი,რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს! კონსტრუქცია შეიცავს- რაკეტის დამჭერებს, ამწყობ მექანიზმებს, ლიფტს და ბევრ სხვა დეტალს.
კადრში მიჭირს დატევა თავისი მასშტაბით აღნიშნული კონსტრუქცია რეკორდულია და მსოფლიოში არის მე-2.
გთხოვთ შემიფასოთ“,- დაწერა მან ფეისბუკზე.
გთავაზობთ ასევე, ჟურნალ „სარესთან“ ალექსანდრეს ინტერვიუს.
„19 წლის ვარ. ვცხოვრობ ბათუმში, რომელიც სითბოსა და სიყვარულის ქალაქია ბევრი შესაძლებლობითა და პერსპექტივით. 2 წლის წინ ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე შევუდექი ამ საინტერესო საქმეს. ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ მასწავლა, თვითნასწავლი ვარ. ყველაზე რთულია ზუსტი ფორმების შექმნა, ამავდროულად სიმეტრია და სისწორე უნდა იყოს აბსოლუტური სიზუსტით დაცული, რომ სხვა რამე არ მივიღოთ.
მინდოდა, თავისუფალ დროს საინტერესო ხელობით ვყოფილიყავი დაკავებული. პირველად იუთუბარხზე ვნახე, როგორ ქმნიდნენ პატარ-პატარა მაკეტებს. მე კი ვიფიქრე, რომ უფრო რთულს, მრავალფეროვანსა და მასშტაბურს შევქმნიდი და დავიწყე.
პირველი ნამუშევარი მეგობრებმა ნახეს და შეაფასეს. ეს იყო საზაფხულო სახლი, რომელსაც 15 000 ასანთის ღერი დასჭირდა და მუშაობის პროცესი 2 თვე გაგრძელდა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, მსოფლიოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ამეგო – ლონდონის ბიგ ბენი და ჩვეულებრივად, თვალის წარმოსახვით ავაწყვე და არის ზუსტი მაკეტი. მას 10 000 ასანთის ღერი დასჭირდა. აქაც 2 თვე ვმუშაობდი. მასში ჩასმულია საათის მექანიზმი და ფუნქციონირებს კიდეც.
მასშტაბურია სკოლა “ნიკეს” მაკეტი, რომელიც დღეს სკოლის ბიბლიოთეკას ამშვენებს. მას 41 000 ასანთის ღერი დასჭირდა და ზუსტად 5 თვე ვაწყობდი. ოთახების და დერეფნების განლაგება თითოეულ სართულზე სკოლას სრულად შეესაბამება და იმის თქმა მინდა, რომ იდენტურია. ძალიან მიყვარს ის სკოლა, სადაც მე ვსწავლობდი და მიხარია, რომ ამ სკოლის ბიბლიოთეკაში დგას და უყურებენ მოსწავლეები, მასწავლებლები. ეს ჩემთვის საამაყოა.
ჩემთვის გამორჩეულია “ვიზეარის” თვითმფრინავი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ურთულესი ფორმებითაა აწყობილი, არანაირი დამხმარე მასალა, მხოლოდ 21 000 ასანთის ღერი! ეს ის მაკეტია, რომელიც რეკორდულად სწრაფ დროში, სულ რაღაც სამ კვირაში ავაწყვე და მისი ღირებულება, როგორც მითხრეს, ძალიან დიდია, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გამიყიდია. გარდა ამისა, გატაცებული ვარ მეტეოროლოგიით. მაქვს ჩემი ფეისბუქგვერდიც – ამინდის პროგნოზი საქართველოში და ჩემი სანაცნობო წრე ყოველთვის მეკითხება მოსალოდნელ პროგნოზს, რადგან ვიყენებ ელექტრონულ მეტეორუკას და რადარს, რის შედეგადაც ზუსტ მონაცემებს ვიღებ.
მოკლედ, ბევრი ჰობი მაქვს.
ახალგაზრდებს ვურჩევ, თავისუფალი დრო კომპიუტერისა და ტელეფონის ნაცვლად გაატარონ ისე, რომ აღმოაჩინონ საკუთარი თავი, ნიჭი და შესაძლებლობები. საკუთარი თავის ძიება – ეს არის წარმატების ფორმულა, რომელიც დინჯი ნაბიჯებით გაგხდით წარმატებულს“,- ამბობს ახალგაზრდა „სარკესთან“ ინტერვიუში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ზალიკო ბერგერი კლინიკიდან ახალ კადრებს აქვეყნებს - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
🎥 „რიოს პლაჟებზე სიყვარული ნამდვილია“ - ბერა ივანიშვილი ცოლთან ერთად გადაღებულ კადრებს ავრცელებს