საფეხბურთო სამყაროსთვის მძიმე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის მძიმე ტრავმა მიიღო.
პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში მოედანზე გამოსვლას ვეღარ შეძლებს.
ამჯერად ხვიჩა კვარაცხელია, მძიმე ტრავმის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და პირობას დებს, რომ მოედანზე უფრო ძლიერი დაუბრუნდება.
კვარაცხელია აღნიშნავს, რომ მატჩისთვის ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც იდეალურად იყო მომზადებული, თუმცა მომხდარს ღვთის ნებას უკავშირებს:
„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა, ბევრს უთქვამს, კიდეც: „მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო“.
ეს შეიძლება, სიმართლე ყოფილიყო მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი, მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინცდამაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია. ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ.
მეგონა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე, მოედანზე მყოფი სხვა ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში და ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით!“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.
View this post on Instagram