Digest Logo

„კაცებში ხშირი ეაკულაცია ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს...“ - რა ინფორმაციას აქვეყნებს ექიმი ლევან შელეგია

1790313529
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი სქესობრივ ურთიერთობაზე საუბრობს:

„სქესობრივ და სექსთან დაკავშირებულ თემებზე ღიად, სერიოზულად საუბარი ისევე ბუნებრივია, როგორც სასქესო ორგანოების ქონა.

სექსი არ არის მხოლოდ კონკრეტული აქტი. მას აქვს ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ინფექციური, ჰორმონალური, სოციალური, სპირიტუალური, იურიდიული და სხვა მრავალი კომპონენტი.

ამ თემების გარშემო სიბნელე, აკრძალვები, დეზინფორმაცია ხშირად საფუძველია ინდივიდუალური თუ კოლექტიური ავადმყოფობის და განუვითარებლობის, ამიტომ ვსაუბრობ რეგულარულად ამ თემებზე, რადგან მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს საქართველოში განსაკუთრებულად აუცილებელია. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ეს არც სკოლებში ხდება და არც ოჯახებში ისეთი მასშტაბით, როგორც საჭიროა.

სირცხვილი საერთოდ არასწორი და არასაჭირო მიდგომაა სექსუალური თემატიკის მიმართ.

ამით არ ვამბობ, რომ ყველაფერი ინტიმური გახდეს საჯარო, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგი, აღზრდა, განათლება უნდა ხდებოდეს ყოველგვარი ღლიცინის და დარცხვენის გარეშე.

ელემენტარული, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი სწორი ინფორმაცია, რომ თავიდან ავირიდოთ სიმსივნეები, ინფექციები, უშვილობა, არასასურველი ორსულობა, იმპოტენცია, დეპრესია, სუიციდი, ეპიდემიები...

ფაქტია, რომ ხშირი ეაკულაცია კაცებში ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს.

ასევე ფაქტია, რომ არასწორად მომხდარი პირველი სექსი შეიძლება გახდეს ადამიანის მრავალწლიანი ტანჯვის და უბედურების მიზეზი.

ასევე ჯერ კიდევ ბევრს ჰგონია, რომ თუ გოგონა „ქალიშვილია“ მას პირველი სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა ჰქონდეს სისხლდენა. არადა, ეს არანაირ კავშირში არ არის ანატომიურ თუ ფიზიოლოგიურ რეალობასთან.

ძალიან ბევრ გოგოს პირველი სექსის დროს არანაირი სისხლდენა არ აქვს, რაც სრულიად ნორმალურია!

არსებობს სექსუალური დისფუნქციები, რომელზედაც არ ხდება საუბარი, არადა მათი უმრავლესობა სამედიცინო-ფსიქოლოგიური რუტინაა და ექვემდებარება მკურნალობას.

გავანიავოთ და მოვაშოროთ ნაფთალინის საბჭოური სუნი სასიცოცხლო საკითხებს და მით უმეტეს დღევანდელ, ინფორმაციულ ერაში ორმაგად მნიშვნელოვანია სწორის არასწორისგან, სიმართლის მითისგან გარჩევა“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 სექტემბერს საქართველოში

✕