ჟურნალისტი და პროფესორი ოლიკო ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში მეტროში მომხდარი ამბის შესახებ წერს.
„მოვდივართ, მე და ჩემი სტუდენტი მეტროთი, ვაგზალზე, გადასასვლელზე, კიბებთან, ჩუმი კივილი გავიგე და ვიღაც ჩამომეკიდა მხარზე, ფეხი გადაუტრიალდა ძალიან გამწარდა. ვაწყნარებ: მოტეხილი არაა, ნახე ატრიალებ, უბრალოდ, დაგეჭიმა. ის კიდევ ტკივილისგან იკეცება, ლამისაა ძირს დაჯდეს. იქვე ახალგაზრდა, ცალფეხა კაცი მოწყალებას ითხოვდა, აიღეთ ჩემი სკამი, სკამზე დასვით, რამდენჯერმე გვთხოვა და სკამი ჩვენკენ გამოაცურა.
ქალმა გაოცებულმა ჯერ იმას შეხედა, მერე მე და წამოდგა. „ნახე, ფეხს ადგამ," - ველეპარაკები, - „ნუ გეშინია," - ვაწყნარებ. - „დამეყრდენი და ისე ჩავიდეთ," - ხელს ვუწვდი. დამეყრდო და ბაქანზე ჩავედით. ინგლისურად გადამიხადა მადლობა, მე კი ქართველი მეგონა. ისევ მადლიერებით შეხედა ცალფეხა კაცს, რომელმაც სკამი დაუთმო და ჩუმად თავი დაუკრა,
ხოდა, რა მინდა ვთქვა: ვერაფერი, ვერაფერი ვერ მოგვერევა, ვიდრე სხვისი ტკივილი გვეტკინება და ვიდრე ჩვენ თავად გაჭირვებულები, სხვას სიკეთის ხელის გაწოდება შეგვიძლია... ისეთი მაგარი კადრი იყო და როგორ ვერ გადავიღე“- წერს ოლიკო ცისკარიშვილი.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 შეხვედრა 84 წლის შემდეგ - ელდარ შენგელაიას და ლეო ანთაძის ემოციური დაბრუნება სკოლაში