საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას გარდა ცნობილი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა, სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ქართველი გამოეხმაურა.
ამჯერად ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე უწმინდესთან ისტორიას იხსენებს:
„მცხეთაში ძველი პატარა ტაძარია მგონი გეთსიმანია ჰქვია. იქაურობა განაახლეს, ეკლესია გადახურეს, მოაწსრიგეს და ბაღის დარგვა, მიხედვა უწმინდესმა ჩვენს სამებაღეო სასწავლებელს დაავალა.
ზაფხული იყო ძალიან ცხელოდა, დედა თეკლესთან და სტუდენტებთან ერთად ვიმუშავეთ. ომი დაიწყო. ტაძრის კურთხევა 9 აგვისტოს იყო დაგეგმილი. ეს ის დღეა ბომბების ხმა რომ გვესმოდა გორიდან.
ძალიან ვიყავით დამფრთხალი და შეშინებული, უიმედობა ეტყობოდა ყველას. უწმინდესი თუ მოვიდოდა არავის ეგონა მაგრამ დათქმულ დროს მობრძანდა, მშვიდად, წყნარად თვალი მოგვავლო ყველას და დაგვლოცა. ტაძარი აკურთხა, არ ჩქარობდა.
მერე გარეთ გამობრძანდა, პატარა განახლებული ბაღი შემოიარა და თვალებით გვიხმო დედა თეკლეს და მე, მადლობა გვითხრა რა კარგად გიმუშავიათ მაგრამ შენიშვნა მაქვსო, გავინაბეთ. ზეთისხილები დაგირგავთ ძალიან ახლო ახლოსო.
არ შევწინააღმდეგებივართ რა თქმა უნდა, ვუთხარი მხოლოდ რომ პატარა ნერგები გვქონდა, გვინდოდა დღევანდელ დღეს უკვე ლამაზად ყოფილიყო და ამიტომ დავრგეთ ასე ახლო-ახლო. არა ეგ კი მესმის მაგრამ ორასი წლის შემდეგ, სამასი წლის შემდეგ, განა ხელს არ შეუშლიან ერთმანეთს?
ზეთისხილი ხომ ძალიან დიდხანს ცოცხლობს. იერუსალიმში, გეთსიმანიას ბაღში ქრისტეს დროინდელი ხეები დღესაც ხარობენ.
ეს ყველაზე სასიამოვნო შენიშვნა იყო რაც კი ოდესმე მიმიღია, დიდი იმედით სავსე სამ სიტყვიანი შემჩნევა.
დარწმუნდა ყველა იქ მყოფი რომ მომდევნო სამასი წელი მაინც საქართველოს არაფერი ემუქრება. ნერგები რასაკვირველია იმავე დღეს დავაშორიშორეთ“, - წერს ზურა შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რთული იქნება მომავალში ამ საქმისგან მიიღოთ ის რაც გსურთ...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕ „თუ ადამიანი არ უფრთხილდება თავის ცხოვრებაში ერთ წამს...“ - რა ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე