
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მედიცინაში/ანატომიაში არ არსებობს საქალწულე აპკი, ეს პატრიარქალური საზოგადოების სოციალურ-მორალისტური კონსტრუქტია ქალების დასაკნინებლად:
„საქალწულე აპკი:
ასეთი რამ მედიცინაში/ანატომიაში არ არსებობს.
ეს არის პატრიარქალური საზოგადოების სოციალურ-მორალისტური კონსტრუქტი ქალების დასაკნინებლად, საკონტროლოდ, საჟლეტად.
ხშირად რელიგიური ხელშეწყობით და ცეცხლზე ნავთის სხმით.
მცდარი წარმოდგენები ამ თემაზე მონად ამყოფებს ბევრ ქალს, ხშირად ისევ ქალებისვე ხელშეწყობით.
ეს სისხლიანი თემა სისხლის ღვრითაც მთავრდება ხანდახან, ფინალური, სასიკვდილო სისხლის ღვრით.
მეცნიერულად არსებობს ჰიმენი.
ეს არის ლორწოვანი გარსისგან შემდგარი ელასტიკური სტრუქტურა ვულვასა და ვაგინას შორის.
მას სკანდინავიაში ძალიან ზუსტად ეძახიან corona vaginalis (ვაგინის გვირგვინი).
მისი მრავალი ანატომიური ვარიანტი არსებობს.
მითია ის, რომ პირველი სექსის შემდეგ ჰიმენი იხევა-იფხრიწება და ტკივილით გათანგული ქალი ზეწარზე ტოვებს სისხლის გუბეებს - Bullshit!!!
ჰიმენი ელასტიურია და უპრობლემოდ იწელება პენეტრაციის დროს. შესაბამისად პირველი პენეტრაციული სექსის დროს სისხლდენა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.
სისხლი შეიძლება წამოვიდეს ინდივიდუალურად. განსაკუთრებით თუ ქალი დაძაბულია აქტის დროს, რაც ვაგინადან ჰიმენზეც გადადის და ეს უკანასკნელი ელასტიკურობას კარგავს.
ან თუ უხეშია სექსი, ან დიდი პენისი შეიძლება მარტივად დაზიანდეს ვაგინალური ქსოვილი, მაგრამ ეს შეიძლება ისევე მოხდეს პირველი, როგორც სამოცდამეათე სექსის დროს.
საქალწულე აპკის ინსტიტუტი პატრიარქალური მორალიზმის ნაყოფია, რისი მტკიცებულებაც ისაა, რომ კაცს არ მისცა ასეთმა საზოგადოებამ სავაჟკაცე აპკი და მისი გაფრთხილების ვალდებულება ქორწილამდე.
პირიქით, კაცს თუ ბევრი ქალი გყოლია, უბნის გმირი ხარ. ქალს თუ ბევრი კაცი ჰყავდა - უბნის ბოზია.
სად არის ამაში ლოგიკა?
აზროვნების მცდელობა?
რაციონალიზმი?
ელემენტარული განათლება?
ჰუმანიზმი?
ქალის პატივისცემა?
საკუთარი ინტელექტის პატივისცემა?
თანასწორობის მინიმუმი?
სექსის ქონა უნდა იყოს თავისუფალი ნების გამოხატვის აქტი, ყველა ადამიანისთვის!
თუ ვინმეს ნებაყოფლობით სურს, რომ პირველი სექსი ქორწინებაში ჰქონდეს, დაე!
მით უმეტეს კაცებს არ გვაქვს არანაირი უფლება მოვთხოვოთ ქალებს ის, რასაც ჩვენ არ ვთავაზობთ მათ - საქალწულე აპკს!
ჰო, ჰიმენოპლასტიკა - ჰიმენის ოპერაციით აღდგენა არანაირ გარანტიას არ იძლევა, რომ სექსის დროს იქნება ნანატრი სისხლდენა.
მაგას ისევ სჯობს ხელოვნური სისხლი შეიშხაპუნოთ ვაგინაში სექსის წინ, რომ სისხლმოწყურებულმა მეუღლემ წითლად დასვრილი ზეწარი სუფრაზე ჩაიტანოს და ყველაზე დიდი ყანწით შესვას ქალის სიწმინდის ბოდვითი სადღეგრძელო.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.