საზღვრისპირა, ანუ მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა (BPD), მხოლოდ „ხასიათის ცვალებადობას“ არ ნიშნავს. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს ემოციების რეგულირება, საკუთარი თავის სტაბილურად აღქმა და იმპულსების კონტროლი.
ასეთ დროს შეიძლება გამოვლინდეს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული თვისებები: ძლიერი ემოციურობა, იმპულსურობა, სარისკო ქცევა, ინტენსიური სექსუალობა, მიტოვების შიში, სიცარიელის განცდა, თვითდაზიანება და ურთიერთობების მკვეთრი ცვლილებები.
საინტერესო ფაქტია, რომ ზოგიერთი ეს თვისება კლინიკურად პრობლემურია, მაგრამ ურთიერთობის დასაწყისში შეიძლება პარტნიორისთვის ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს. დღეს სტატია სწორედ ამ თემაზე მექნება, თუ როგორ განსხვავებულად შეიძლება იყოს აღქმული პარტნიორის თვალით დანახული ეს თვისებები და მეორეს მხრივ ფსიქოლოგია, როგორ ხედავს მას.
✅ძლიერი ემოციურობა: BPD-ის დროს ემოციები ხშირად ძალიან ინტენსიურია. სიხარული შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, სიყვარული ძალიან ღრმა, აღფრთოვანება მძაფრად გამოხატული. რატომ შეიძლება იყოს მიმზიდველი პარტნიორისთვის? პარტნიორს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მის მიმართ გრძნობა განსაკუთრებულად ძლიერია. შეიძლება გაჩნდეს განცდა: „ამ ადამიანს ჩემ მიმართ ისეთი გრძნობა აქვს, როგორიც სხვას არასდროს ჰქონია.“ მაგრამ იგივე ემოციური ინტენსივობა უარყოფითი ემოციების დროსაც მუშაობს: ბრაზი, შფოთვა და წყენა შეიძლება ძალიან სწრაფად გაძლიერდეს.
✅იმპულსურობა: BPD-ის ერთ ერთი გავრცელებული მახასიათებელია იმპულსურობა. რაც შეიძლება გამოიხატოს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებით, ფულის გაუაზრებელი ხარჯვით, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების პრობლემური მოხმარებით, რისკიანი ქცევით ან სხვა მოქმედებებით, რომელთა შედეგებზეც ადამიანი იმ მომენტში ნაკლებად ფიქრობს. რატომ შეიძლება იყოს მიმზიდველი პარტნიორისთვის? ურთიერთობის დასაწყისში იმპულსურობა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც სპონტანურობა: „მასთან ცხოვრება მოსაწყენი არასდროს იქნება.“ შეიძლება უყვარდეს მოულოდნელი თავგადასავლები, სწრაფი გადაწყვეტილებები და ახალი გამოცდილებები. მაგრამ როდესაც იმპულსურობა კონტროლიდან გამოდის, ის უკვე პრობლემური ქცევაა.
✅სექსუალური იმპულსურობა: ზოგიერთ შემთხვევაში BPD-ს შეიძლება ახლდეს იმპულსური ან რისკიანი სექსუალური ქცევა. ეს შეიძლება გამოიხატოს ხშირი ან დაუფიქრებელი სექსუალური კავშირებით, სწრაფი სექსუალური სიახლოვით ან სექსის გამოყენებით ემოციური სიცარიელის, მარტოობის ან ძლიერი ემოციური დაძაბულობის შესამცირებლად. რატომ შეიძლება იყოს მიმზიდველი? სექსუალური უშუალობა, თავდაჯერებულობა და ძლიერი ვნება პარტნიორისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს. შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ: „ამ ადამიანს სექსუალურობის გამოხატვის არ ეშინია და ჩემთან განსაკუთრებულად თავისუფალია.“ მაგრამ მნიშვნელოვანია: სექსუალური აქტიურობა ან მაღალი ლიბიდო BPD-ის ნიშანი არ არის. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც სექსუალური ქცევა იმპულსური, რისკიანი ან ემოციურად დესტრუქციული ხდება.
✅ნივთიერებების გამოყენება: BPD-ის მქონე ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მიზიდულობა ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ. რატომ შეიძლება თავიდან მიმზიდველად ჩანდეს? თავდაპირველად რისკიანობა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც „მეამბოხე“, თავისუფალი ან წესებისგან დამოუკიდებელი ხასიათი. მაგრამ ეს თვისება უკვე მიმზიდველობის ნაწილი აღარ არის, როდესაც მოხმარება დამოკიდებულებად ან სერიოზულ პრობლემად ყალიბდება.
✅ძლიერი მიჯაჭვულობა: როდესაც ურთიერთობა მნიშვნელოვანი ხდება, ადამიანს შეიძლება ძალიან ძლიერი სურვილი ჰქონდეს პარტნიორთან სიახლოვის. რატომ შეიძლება იყოს მიმზიდველი? პარტნიორი თავს განსაკუთრებულად და მნიშვნელოვნად გრძნობს: „ამ ადამიანს ნამდვილად ვჭირდები.“ მაგრამ ძლიერი მიჯაჭვულობის მეორე მხარე მიტოვების შიშია. რაც უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობა, მით უფრო მტკივნეული შეიძლება გახდეს მისი დაკარგვის შესაძლებლობა.
✅მიტოვების ძლიერი შიში: BPD-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია მიტოვების მიმართ მაღალი მგრძნობელობა. შესაძლოა უმნიშვნელო ცვლილებაც კი, როგორიცაა დაგვიანებული პასუხი, გეგმების შეცვლა ან დისტანცია აღიქმებოდეს ძალიან მძაფრად ამ პრობლემის მქონე ადამიანისთვის. რატომ შეიძლება ჰქონდეს ასეთ ქცევას მიმზიდველი მხარე? ურთიერთობის დასაწყისში პარტნიორმა შეიძლება ეს აღიქვას როგორც: „ჩემს დაკარგვას ნამდვილად უფრთხის, რადგან ძალიან ვუყვარვარ.“ მაგრამ მოგვიანებით იგივე შიშმა შეიძლება გამოიწვიოს ეჭვიანობა, კონტროლი, კონფლიქტი ან უეცარი დისტანცირება.
✅მაღალი მგრძნობელობა: ემოციური მგრძნობელობა შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. ადამიანი შეიძლება სწრაფად ამჩნევდეს სხვის განწყობას, ტონსა და ემოციურ ცვლილებებს. რატომ შეიძლება მიმზიდველი იყოს პარტნიორისთვის? პარტნიორს შეიძლება ჰქონდეს განცდა: „ჩემი სიტყვების გარეშეც კი ხვდება, რას ვგრძნობ.“ ეს ქმნის განსაკუთრებული ემოციური კავშირის განცდას.
✅სპონტანურობა და ექსპრესიულობა: ემოციების ძლიერი გამოხატვა ადამიანს შეიძლება ძალიან ცოცხალ და ენერგიულ პიროვნებად წარმოაჩენდეს. რატომ შეიძლება იყოს მიმზიდველი? ასეთ ადამიანთან ყოფნა შეიძლება საინტერესო, დინამიკური და ნაკლებად პროგნოზირებადი ჩანდეს. მაგრამ როდესაც ექსპრესიულობა ემოციურ დისრეგულაციაში გადადის, იგივე თვისება შეიძლება გახდეს ხშირი კონფლიქტის მიზეზი.
✅შინაგანი სიცარიელე: BPDის დროს ხშირად გვხვდება სიცარიელის ძლიერი და განმეორებადი განცდა. ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, რომ შიგნით რაღაც აკლია და ცდილობდეს ამ სიცარიელის შევსებას ურთიერთობით, ძლიერი ემოციებით, სექსით, ნივთიერებებით ან სხვა ინტენსიური გამოცდილებებით. რატომ შეიძლება იყოს ეს პარტნიორისთვის მიმზიდველი? ზოგჯერ ადამიანის დაუცველობა და მოწყვლადობა პარტნიორში ძლიერ ზრუნვისა და დაცვის სურვილს იწვევს. ჩნდება განცდა: „ჩემთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს.“ თუმცა პარტნიორის როლი არ უნდა გახდეს ადამიანის შინაგანი სიცარიელის მუდმივად შევსება.
✅ძლიერი ვნება და რომანტიკული ინტენსივობა: ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთობა შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეს ცხოვრების ცენტრალური ნაწილი. სიყვარული შეიძლება გამოიხატოს ძალიან ძლიერი ჟესტებით, სიტყვებითა და ემოციებით. რატომ შეიძლება იყოს მიმზიდველი? იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს სურს ურთიერთობა, რომელშიც თავს ნამდვილად ცოცხლად და განსაკუთრებულად გრძნობს. ძლიერი ემოციური კავშირი სწორედ ასეთ განცდას ქმნის. მაგრამ ურთიერთობა მხოლოდ ინტენსივობაზე ვერ დადგება, მას სტაბილურობა სჭირდება.
🧠ერთი თვისება და ორი სრულიად განსხვავებული მხარე სწორედ ეს არის BPDის გასაგებად ყველაზე მნიშვნელოვანი.
ინტენსიური ემოციურობა შეიძლება ჩანდეს როგორც:
➡️ვნება, მაგრამ გახდეს ➡️ემოციური აფეთქება.
იმპულსურობა შეიძლება ჩანდეს როგორც:
➡️სპონტანურობა, მაგრამ გახდეს ➡️რისკიანი ქცევა.
ძლიერი მიჯაჭვულობა შეიძლება ჩანდეს როგორც:
➡️ძლიერი სიყვარული, მაგრამ გახდეს ➡️მიტოვების შიში და კონტროლი.
მაღალი მგრძნობელობა:
შეიძლება ჩანდეს როგორც ➡️განსაკუთრებული ემპათია, მაგრამ გახდეს ➡️უარყოფის მიმართ გადაჭარბებული მგრძნობელობა.
სექსუალური ინტენსივობა:
შეიძლება ჩანდეს როგორც ➡️ძლიერი სექსუალობა, მაგრამ გახდეს ➡️იმპულსური და რისკიანი სექსუალური ქცევა.
მოწყვლადობა:
შეიძლება ჩანდეს როგორც ➡️გულწრფელობა და სიახლოვე, მაგრამ გახდეს ➡️ძლიერი დამოკიდებულება პარტნიორზე.
ამიტომ BPD-ის ზოგიერთი მახასიათებელი შეიძლება თავიდან ძალიან მიმზიდველი იყოს, რადგან პარტნიორი პირველ რიგში ხედავს ვნებას, ყურადღებას, სპონტანურობას, მგრძნობელობასა და ძლიერ კავშირს. მოგვიანებით კი შეიძლება გამოჩნდეს ამავე თვისებების უფრო მტკივნეული მხარე.
🧠 მნიშვნელოვანია, რომ საზღვრისპირა პიროვნების აშლილობა, არის კლინიკური დიაგნოზი რომელის დროსაც სათანადო ფსიქოთერაპიის დახმარებით შესაძლებელია ემოციების უკეთ რეგულირება, იმპულსების მართვა და უფრო სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება.