
მომღერალმა ნინო ბაშარულმა დაახლოებით ერთი წლის წინ თურქეთში ოპერაცია გაიკეთა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რეაბილიტაციაც წარმატებით გადალახა. მან კარიერაში 10 წლის შემდეგ ალბომი გამოუშვა, სადაც მისი 12 რჩეული სიმღერაა შესული.
ამჯერად მომღერალი პორტუგალიაში მოგზაურობს, საიდანაც გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს:
„პორტუგალიაში მოგზაურობა ჩემთვის პირადად მუსიკასთან, პორტუგალიურ ფადუსთან ასოცირდება, იმ საბედისწერო და ღრმად სევდიან ჰანგებთან, რომელიც ამ ხალხის ცხოვრებამ, 48-წლიანმა დიქტატურამ და მე ვიტყოდი, ამ ხალხის ხასიათმა და გულის ძგერამ განაპირობა. საკმაოდ ემოციურები და თბილები არიან.
25 წლიდან ვმღერი ფადუს და ვინც ჩემი შემოქმედება იცის, იგრძნობს ამ ნოსტალგიური, მინორული ნოტების ზეგავლენას. შესაძლოა, გაექცე საკუთარ თავს, მაგრამ ფადუს ვერ გაექცევი და მეც ვერსად გამექცევით, რადგან იქ ყოფნის დროს ახალ, საბედისწერო სიმღერას ჩაეყარა საფუძველი.
მერე ის მოხდა, რომ ლისაბონში, ყველაზე სახელგანთქმულ ტავერნაში ჩამიშვეს და მუსიკოსებს უთხრეს, რომ მეც ვმღერი ფადუს. იქ შევასრულე, მარიზას ლეგენდარული - Gente do minha terra. ლეგენდარული იმიტომ, რომ არავინ ბედავს ამ სიმღერის შესრულებას, თითო-ოროლა მომღერლისა. ძალიან რთულია სამღერად. მე ცოტა ვითავხედე, ვიმღერე იქ, სადაც მღეროდა ამალია როდრიგესი, დულსე პონტესი და მარიზა… სიმღერა აბედნიერებს, წმენდს ადამიანთა გონებას და გულს, გუშინდელზე ცოტა მეტად ბედნიერი ვარ.
გიზიარებთ ამ მომენტს. მართალია ახლა, უკვე თბილისის ცისკენ მოვემართები, რადგან „ახლა და ამ მომენტით” ტკბობა ვერ დავთმე და სოციალური ქსელი შემომაიგნორდა, მაგრამ ნელ-ნელა გავაზიარებ მოგზაურობის გამოცდილებებს. გეტყვით, რა უნდა მოინახულოთ, როცა ჩახვალთ პორტუგალიაში“, - წერს ნინო ბაშარული.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფიქრი არის მაგნიტი, სიტყვა ენერგიის ტალღები, ემოცია გზავნილები სამყაროსკენ“ - ზეზვა ჯაიანი