ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანის პასუხისმგებლობაზე, დროის ფასსა და ყოველდღიური სიკეთის ძალაზე საუბრობს.
„წესიერი კაცი სიცოცხლესთან ერთად იმაზეც ფიქრობს, ცხოვრების შემდეგ მისგან რა დარჩება.
რასაც ამ საღამომდე გააკეთებ, შეიძლება მაინცდამაინც იმით გაგიხსენონ.
ამიტომ ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს.
დღეს კი არა - საათს, წუთს, წამს...
ზოგჯერ ერთი წამის მზერა, თუ ის წმინდანს, გმირს ან უბრალოდ კეთილ ადამიანს ეკუთვნის, დიდ დროს უძლებს და მარადისობას ეზავება.
ჰკითხე შენ თავს:
იქნებ ახლა სწორედ ეს წამია?
და რომ არ იყოს?
მერე რა - ადამიანი განა მაინცდამაინც მარადისობისთვის ირჯება? - ის ხომ უბრალოდ ცხოვრობს და თავისი არსებობის ყოველ დღეს სახელს არქმევს.
მარადისობისთვის ყოველდღიურობამ უნდა იზრუნოს. სიკეთის მთავარი ხიბლი ის არის, რომ მას სათავე აქვს, მაგრამ მიზეზი არ სჭირდება.
2026 უკვე სრული სვლით მოძრაობს.
ახალი წლის ზეიმი ნელ-ნელა სადაგ დღეებში გადადის.
თუმცა განა სადაგი დღეები არ ქმნიან დღესასწაულებს?!
წამოდი, ქართულ საქმეს მივხედოთ.
მას ჩვენ გარდა არავინ (და ვერავინ) გააკეთებს.
ამ ვალის მოხდის შემდეგ ქართული ღვინო, ქართული კერძები, ქართული ცეკვა და ქართული მოლხენა სულს უკეთ ესალბუნება.
განა ჩვენ არ გვასწავლეს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის?!
დაიმსახურე დღესასწაული!“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕+17 გრადუსი - 5 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით