Digest Logo

„თუ დილით სამზარეულოში ვიღაც საქმიანობს და ეს ვიღაც შენ არ ხარ, ესე იგი დედა გყავს ცოცხალი“ - რას წერს თეა გვასალია ბედნიერებაზე, რომლის ფასს ადამიანი გვიან ხვდება

1791903897
თეა გვასალია

ჟურნალისტი და ესპანური ენის მასწავლებელი თეა გვასალია, რომელიც ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში შთამაგონებელ პოსტებს, ამჯერად ემოციურ წერილს აქვეყნებს.

იგი დროის სისწრაფეზე, ცხოვრებისეულ საზრუნავსა და ნამდვილ ბედნიერებაზე წერს. მისი თქმით, ხშირად მხოლოდ წლების შემდეგ ვაცნობიერებთ, რომ ყველაზე ბედნიერი მომენტები სწორედ ის უბრალო დილები იყო, როცა დედა სამზარეულოში საუზმეს გვიმზადებდა.

„ვისაც ორივე საუკუნეში მოგვიწია ცხოვრებამ, ისინი უფრო ვამჩნევთ, როგორ აჩქარდა დრო. ადრე, ზამთარი რომ შემოაბიჯებდა, არასოდეს ადგებოდა საშველი გაზაფხულის მოსვლას, ჯერ ახალ წლამდე იწელებოდა დრო დაუსრულებლად, შემდეგ იანვრიდან მარტამდე. ახლა ნაძვის ხის დაშლაც არ ღირს, ისეთი სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს ჩინური კალენდრის ცეცხლოვანი დრაკონები, უსურიული ვეფხვები და ფერად-ფერადი გველები.

ადრე დღეში ხუთ საქმეს რომ აკეთებდი, ახლა ათი უნდა მოასწრო, ერთ მოთხრობას რომ თარგმნიდი, მთელი წიგნი უნდა თარგმნო, საჯარო ბიბლიოთეკაში საათობით რომ იჯექი, საჭირო ლიტერატურას ეცნობოდი და რვეულში აკონსპექტებდი, ახლა ხუთ წუთში მოგართმევს ხელოვნური ინტელექტი მზა ინფორმაციას, თუ რამე გაწუხებს, ექიმზე უკეთესად დაგისვამს დიაგნოზს და არ დაგჭირდეს, თორემ მარტო მეგობრის კი არა, პირადი ფსიქოლოგის ფუნქციასაც შეითავსებს.

და ამ გადარეულ დროში, რომ ვერ გაგიგია რამდენად უნდა გაიჭრა, რომ ყველაფერი მოასწრო, ადამიანებს ემეგობრო თუ ნეიროქსელებს და ძილშიც შვილების მომავალზე ფიქრი გაწუხებს, ისევ ინტერნეტი გევლინება მხსნელად და დამამშვიდებელ მუსიკებთან ერთად, ისეთ ხმებს და ჩქამებს გასმენინებს, მისი აზრით დაძაბულობა რომ უნდა მოგიხსნას და თავი სამოთხეში იგრძნო: გაზაფხულის ლორთქო ფოთლებზე წვიმის წვეთების წკაპა-წკუპს, მოსაღამებულზე ზღვის ტალღების შხაპუნს, დაბურულ ტყეში ჩიტების ჭიკჭიკს და საშობაოდ მორთულ შვეიცარიის ალპურ სოფელში იშვიათი გამვლელის ჩექმებქვეშ ახლად დადებული თოვლის ჭრაჭუნს.

მაგრამ არის ერთი ხმა, რომლის ჩაწერა არავის მოსვლია აზრად. ყველაზე უპრეტენზიო, სხვა ხმებში გათქვეფილი, ფსიქოლოგების მიერ შერჩეულ ჟღერადობებთან ახლოსაც რომ ვერ მივა, მაგრამ მაინც ყველაზე იმედიანი, ერთ წამში რომ ჩამოგაკლებს წლებს, ჩააჩუმებს ყველა შფოთვას, შიშს სიმშვიდით შეგიცვლის და სულში მზეს ამოგიყვანს.
ეს ის ხმაა, დილაადრიან, ძილ-ბურანში რომ ჩაგესმის სამზარეულოდან.

თვალების გახელა რომ გეზარება, მაგრამ გული სიხარულით გიფართხალებს, ოღონდ შენ, პატარა და გამოუცდელი, ამ სიხარულის მიზეზს სულ სხვაგან, შენი გულუბრყვილო ცხოვრების მარტივ მოვლენებში ეძებ და მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ ხვდები, რომ თუ დილით სამზარეულოში ვიღაც საქმიანობს და ეს ვიღაც შენ არ ხარ, ესე იგი დედა გყავს ცოცხალი, რომელიც საუზმეს გიმზადებს და ამ ექვს სიტყვაში ჩატეული ბედნიერება, თავისი ხმებით, სუნებით და შეგრძნებებით არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ბედს შენთვის გამოუმეტებია, ოღონდ მაშინ ამას არა თუ ვერ აცნობიერებ, ერთი სულიც კი გაქვს, როდის აიქნევ ფრთებს და გაფრინდები თბილი ბუდიდან, საიდანაც სამყარო ისეთი საინტერესო, ბრჭყვიალა და მიმზიდველი ჩანს, ისე მაცდურად გიქნევს ხელს და გეპატიჟება, რომ ეს ჩუმი წკარუნი შეგაჩერებს და იმას მიგახვედრებს, რომ იმ სანატრელ, უცხო სამყაროში შენს მაგივრად აღარავინ მოურევს ჩაიში შაქარს?!

გადის წლები და ნანატრ, დამოუკიდებელ ცხოვრებაში თავით გადაშვებული, ხვდები, რომ არსად და არასდროს ისეთი ბედნიერი არ ყოფილხარ, როგორც იმ საწოლში, დილის ძილის შებრუნებას რომ ცდილობდი და ძილ-ღვიძილს შორის მოდრეიფეს გესმოდა, როგორ გიმზადებდა დედა საუზმეს და ჩაიში შაქრის მორევასაც უხმაუროდ ცდილობდა, დროზე ადრე რომ არ გაეღვიძებინე“, - წერს თეა გვასალია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს აღნიშვნა? - მითები და რეალობა

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕„როგორც კი დამინახა, ხელი მთხოვა... ჩვენი ზღაპარი ახლა იწყება“ - ნეკა დოროყაშვილი მილანში დაწყებულ სიყვარულზე

✕