
ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ადამიანურ ღირებულებას უკავშირდება:
„თუ დაიბადე, სიკვდილი გარდაუვალია.
თუ არ იცი, არც თქვა და არც გააკეთო.
თუ დამარცხდი, სცადე კიდევ ერთხელ - "ბედი ცდაა".
თუ მოგატყუეს, თვითგვემას ნუ მიეცემი - გაკვეთილად მიიღე.
თუ არ ისწავლე, საფუძვლიანად ვერასდროს გაიგებ.
თუ მიგატოვეს, დაინახე შედეგი და გაიაზრე მიზეზი, რათა მუდმივად არ მიგატოვონ.
თუ საბოლოოდ კმაყოფილი ხარ, დაფიქრდი - ხომ არ შეწყვიტე სიცოცხლე.
თუ გაიმარჯვე, ეცადე, კიდევ ერთხელ მაინც შეიცნო ეს გრძნობა.
თუ ჯერ ვერ ახერხებ, გაძლიერდი, რათა შეძლო.
თუ უკვე გათენდა, დაფიქრდი, რა აზრითა და საქმით შეხვდები საღამოს.
თუ ვინმემ შეგიყვარა, მადლობა უთხარი სამყაროს.
თუ შენც შეგიყვარდა ვინმე ეცადე, რომ ეს არასდროს დასრულდეს - განა ღმერთი სადმე ან როდისმე „მთავრდება“?
თუ უკვე კარგად იფიქრე, შეგიძლია თქვა - უბრალოდ გაიაზრე, სად და როგორ.
თუ შეგიძლია, კარგი საქმისთვის ადამიანები შემოიკრიბო და გააერთიანო, ღმერთის დავალება შეგისრულებია.
თუ შენ ვერ ხედავ, არ იფიქრო, რომ ყველასთვის დაუნახველია.
თუ შეგიძლია, სხვების ბედნიერებით გაიხარო, ადამიანად დაბადებულხარ.
თუ სიკვდილის შიში უკვე დაძლიე, ღმერთი გვერდით მდგარა და შენს სიცოცხლეს აზრი ჰქონია“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕10 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით