Digest Logo

„უთბილესი ადამიანია, ნამდვილი ქრისტიანია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული - ღმერთს“ - რას ჰყვებოდა გიო მგელაძე შიო მესამეზე

1778585173
მეუფე შიო მეუფე შიო

რეჟისორი გიო მგელაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის კლასელია. მეგობრობა კი ნათელმირონობამ გაამყარა.

იქამდე სანამ შიო მესამე პატრიარქი გახდებოდა, რეჟისორმა „ჟურნალ სარკეს“ ინტერვიუ მისცა, სადაც მის მეგობარზე ისაუბრა:

„მეუფე შიო ჩემი კლასელი და ნათლიაა. მამაჩემი მამამისის მეჯვარეა. მას ფანტასტიკური, მანათობელი მშობლები ჰყავდა. მამა, ძია თეიმურაზი, არქეოლოგი იყო, დედა, ნანა ქურდიანი, ფილოლოგიის დოქტორი გახლდათ. ბებია, ნინა ჟვანია იყო, ცნობილი ექიმი. პაპამისი, ელიზბარ ქურდიანიც ექიმი იყო. ერთს მოსკოვში ჰქონდა განათლება მიღებული, მეორეს ლენინგრადში.

მეუფე შიო კი ძალიან თბილი ადამიანი იყო და არის. ნამდვილი არისტოკრატია - ზრდილი, ჭკვიანი, განათლებული... წარმოიდგინეთ, მაშინ 53-ე სკოლაში სწავლობდა, ვერაზე ცხოვრობდა და შეეძლო ისე ევლო ჩელოთი ხელში, რომ ამის გამო ხმა არავის გაუცია. მუსიკა ძალიან უყვარდა. კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, კონკურსებს იგებდა და ა.შ. მერე კი მიატოვა კონსერვატორია, არ დაუმთავრებია.

ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, სიცხე მიწევს 40 გრადუსამდეო. არადა, კარგმა მუსიკოსმა დღეში 10 საათი მაინც უნდა გაატაროს ინსტრუმენტთან. ვურჩიე, დაანებე თავი, დაისვენე-მეთქი. რამდენიმე თვის მერე მისთვის უჩვეულო რამ მითხრა - მინდა, სასულიერო სემინარიაში ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა. მითხრა, მინდა თეოლოგია ვისწავლო და მერე სხვებს ვასწავლოო. მაშინ მე ახალი ჩამოსული ვიყავი შიომღვიმის მონასტრიდან - იქ ვიყავი ცოტა ხანს. შევთავაზე, ჩემს მეგობრებს ვეტყვი, აგიყვანთ შიო-მღვიმეში, ცოტა ხანს დარჩი, რომ მიხვდე იქ რა ხდება, აღსარება თქვი-მეთქი და ა. შ.-მეთქი...

მეორე დღესვე, ორმა ჩემმა მეგობარმა წაიყვანა შიომღვიმის მონასტერში.5 წელი თბილისში არ ჩამოსულა. დედაქალაქში, 5 წლის შემდეგ, უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა. 1991 წელს წავიდა შიო-მღვიმეში და 3 წელში ბერად აღიკვეცა.

ძალიან წარმოსადეგი იყო - მაღალი, ახოვანი, ქერა თმები და ცისფერი თვალებით. ასაკში კი გამუქდა და გაჭაღარავდა. პირველ კლასში ერთ მერხზე აღმოვჩნდით. ძალიან ღია ფერის იყო - ქერა. ისეთი მაღალი და დიდი იყო ჩემზე, მეგონა, გვერდით მეხუთეკლასელი მეჯდა. მისი სიმაღლე ახლა, მგონი, 190 სანტიმეტრია.

მამა შიო უთბილესი ადამიანია. ბოლომდე არისტოკრატად დარჩა. ნამდვილი ქრისტიანია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული - ღმერთს და ხორცი ღმერთმა დიდხანს შეუნარჩუნოს! უმძიმესი ტვირთი ხვდა წილად. იმედია, სინოდი პატრიარქადაც აირჩევს და ნახავთ, როგორ ღირსეულად ატარებს ამ ჯვარს. პატრიარქს ძალიან უყვარს მეუფე შიო. პატრიარქი გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე მე, მაგრამ მეუფე შიო ისეთი გამორჩეულია, მეც ვხედავ იმ სიძლიერეს და სინათლეს, რაც მასშია.

22 წლის იყო სასულიერო ცხოვრება რომ დაიწყო. ურთულესია ბერობის გზა... თუ გინდათ განგება დაარქვით, გინდაც კოსმოსი, ისეთი პიროვნებაა, ყველაფერი ზემოდან იყო გადაწყვეტილი მისი დაბადებიდან“, - ამბობდა გიო მგელაძე ჟურნალ „სარკესთან“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ახალი ეპოქა მოითხოვს: ტექნოლოგიას + ეთიკას, მეცნიერებას + ცნობიერებას, პროგრესს + პასუხისმგებლობას...“ - ლამზირა ხაჭაპურიძე

„ხელსაყრელია დაგეგმვა, შეხვედრები, სწავლის დაწყება...“ - 12 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 „ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩემს დიდ იმედს და სიყვარულს“ - იმედა კახიანი 89 წლის გახდა