თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, საზოგადოება შეძრა. სოციალურ ქსელში დაღუპულებს ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.
დაღუპულებს 6 ადამიანს შორის არის მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელსაც სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ღმერთო რატომ😫😫 სად წახვედი ჩვენო პატარა გოგოო?
ყველაზე მხიარულო და ყველაზე საყვარელო.
როგორ მოენატრები ვახუნას და მთელ კლასს 😭😭😭😭 ვერ ვიჯერებ არიანა რომ აღარ იკაშკაშებ კლასში და აღარ გაამხიარულებ მთელ სკოლას. გვიყვარხარ არიანა, ძალიან გვიყვარხარ“, - წერს სოფო ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.
მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.