ქართული რაგბის სამყაროში დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რაგბის მმართველმა ორგანომ იმ ქართველი მორაგბეების ვინაობა და მათთვის დაკისრებული სანქციები გაასაჯაროვა, რომლებსაც დადებითი დოპინგტესტის პასუხი აღმოუჩნდათ.
ყველაზე მკაცრი სასჯელი საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს დაეკისრა - მას რაგბის თამაში 11 წლით აეკრძალა.
სიაში ფიგურირებს მორაგბე ლაშა ლომიძეც, რომელსაც 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. გადაწყვეტილების მიხედვით, მას აკრძალული მეთოდის გამოყენება ან გამოყენების მცდელობა, აგრეთვე გაყალბება ან გაყალბების მცდელობა ედება ბრალად.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოდელი ანა შელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, დისკვალიფიცირებულ მოთამაშეთა სიაში მოხსენიებული ლაშა ლომიძე მისი მეუღლე არაა და საუბარი სხვა ადამიანზეა.
„ისევ და ისევ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ჩემს მეუღლეზე - ლაშა ლომიძეზე.
ლაშა უკვე რამდენიმე წელია არ არის აქტიურ სპორტში და ე.წ. „დოპინგ-სკანდალის“ დროს ნაკრებშიც აღარ იმყოფებოდა.
სანამ მსგავს ინფორმაციას დაწერთ ან გამოაქვეყნებთ, გთხოვთ, გადაამოწმოთ ფაქტები და ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას.
საუბარია სხვა ლაშა ლომიძეზე, რომელიც ასევე იყო მოკლე დროით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.
ეს განსაკუთრებით ეხება საინფორმაციო გვერდებსა და მედიასაშუალებებს“, - წერს ანა შელია.