საქართველოს წარმომადგენელმა, ანი სტეფანიშვილმა საერთაშორისო სილამაზის კონკურს Miss Asia Global 2026-ზე გაიმარჯვა და მთავარი გვირგვინი მოიპოვა.
კონკურსის ფინალი 24 ოქტომბერს, მალაიზიის ქალაქ პენანგში გაიმართა. მასში მსოფლიოს 37 ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ქართველმა მოდელმა კონკურსის მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და პრესტიჟული ტიტულის მფლობელი გახდა.
ანი სტეფანიშვილი 18 წლის მოდელი და პროფესიონალი მოცეკვავეა. საერთაშორისო ასპარეზზე მან საქართველო წარადგინა და ჟიურისა და მაყურებლის ყურადღება მიიპყრო.
კონკურსის პირველი ვიცე-მისი მალაიზიის წარმომადგენელი ჯინგ ენი გახდა, მეორე ადგილი უზბეკეთის წარმომადგენელმა დაიკავა, მესამე - ტაილანდის, ხოლო მეოთხე - მექსიკის მონაწილემ.
გამარჯვების შემდეგ ანი სტეფანიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სიხარულით, სიამაყითა და მადლიერებით არის სავსე.
„მე ეს შევძელი! მე გავიმარჯვე! კიდევ ერთხელ წარვადგინე ჩემი ხუთჯვრიანი საქართველო მსოფლიოს წინაშე და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა: მე ვარ Miss Asia Global 2026! თითოეული ნაბიჯი, თითოეული სირთულე და ცრემლი დღეს ამ ბედნიერებად იქცა“, - წერს ანი სტეფანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს პირველი გამარჯვებაა Miss Asia Global-ის ისტორიაში.





