მოდელი და ბიზნესვუმენი თამო ვაშალომიძე „იუთუბის არხზე“ გადაცემა - „პრეგკასტის“ სტუმარი იყო, სადაც დედობაზე, ორსულობისა და მშობიარობის გამოცდილებაზე, ყოფილ მეუღლესთან კომუნიკაციასა და ბავშვების აღზრდის პრინციპებზე ისაუბრა.
ვაშალომიძის თქმით, მის ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტი შვილები არიან, ხოლო მეორე ადგილას მისი კომპანია დგას. მან აღნიშნა, რომ ცდილობს, შვილებთან უფრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს და მათ სწავლასთან ერთად „ადამიანობა“ ასწავლოს.
„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და მიზანი არის ჩემი შვილების აღზრდა და მისია, რომ აღვზარდო კარგი, კეთილი ბავშვები... ყველაზე პრიორიტეტი არის ჩემთვის შვილები ჩემს ცხოვრებაში. მეორე არის ჩემი კომპანია... იციან ის, რომ მე რომ ამდენს ვმუშაობ, იმასაც ვასწავლი, რომ უშრომველად ამ ცხოვრებაში არაფერი არ მოდის“,- ამბობს მოდელი.
საუბრისას ვაშალომიძემ გაიხსენა ორსულობის პერიოდი, შვილის დაკარგვით გამოწვეული ემოციური სირთულე და აღნიშნა, რომ ორივე შვილზე ლაქტაცია მხოლოდ ორი თვე გაგრძელდა. მისი თქმით, პირველი მშობიარობა {სოფიაზე} გაუტკივარების გარეშე, ძალიან სწრაფად წარიმართა, ხოლო მაქსიმეს შემთხვევაში გაუტკივარება დასჭირდა.
„ბავშვი დავკარგე, რაც არავინ არ იცის საერთოდ, შვიდი კვირის ვიყავი. არ შეიძლებოდა ორსულობა ძალიან დიდი ხანი, ექვსი თვე არ შეიძლებოდა, და ისე მოხდა, რომ დაახლოებით თვე-ნახევარში მაქსიმეზე დავრჩი ორსულად და ძალიან ვუფრთხილდებოდი. ჩემს ბავშვებს სამუშაო დღეებში 22:00 საათზე სძინავთ, ხოლო სოციალური ქსელების გახსნას მხოლოდ უფროს ასაკში, დაახლოებით მერვე-მეცხრე კლასში განვიხილავ“, - აღნიშნა თამო ვაშალომიძემ.
ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ბავშვებთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს, ხოლო დაშორების პროცესი ისე წარმართა, რომ ბავშვებს მაქსიმალურად გაუადვილა და ზედმეტი სტრესის გარეშე გადაატანინა.
„ჩემი ყოფილი მეუღლე ძალიან კარგი მამაა, ძალიან ჩართულია და ამ მხრივ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვებთან მიმართებაში. მიდიან ბავშვები მასთან, მოდიან უპრობლემოდ, ყოველდღიურად ნახულობენ მამას. ეს იყო ჩემი მიზანი, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა ისე, რომ ბავშვებს სტრესი არ ჰქონოდათ და მაქსიმალურად გაუადვილდეთ“,- აღნიშნა მოდელმა.
თამო ვაშალომიძის თქმით, დაშორების პროცესი ისე წარმართა, რომ შვილებმა სტრესის გარეშე გადაიტანეს და მათთვის მამასთან ყოველდღიური ურთიერთობა უცხო არ ყოფილა.
„განქორწინება ვერ გაიგეს. ახლა უფრო ხვდებიან, ნელ-ნელა იაზრებენ, სოფია უფრო, ალბათ, რომ ასე იყო საჭირო. ეს იყო ჩემი მიზანი, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა ისე, რომ ბავშვებს სტრესი არ ჰქონოდათ და მაქსიმალურად გავუადვილე. ახალ სახლში რომ გადავედი, ისეთი კომფორტი შევუქმენი და ისეთი ოთახები გავაკეთე, როგორც უნდოდათ, ერთს გულებიანი, მეორეს ბურთის მოედანი აქვს ოთახში. თან, მამასთან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ, ამიტომ ეს ბავშვებისთვის ახალი არ ყოფილა. ძალიან მშვიდად ვარ, როდესაც ბავშვები არიან ჩემს ყოფილ მეუღლესთან, ბებიასთან - ამ კუთხით იდეალური მამაა და მადლობას ვუხდი ამისთვის, რომ ბავშვებს ძალიან კარგ მამობას უწევს“,- ამბობს თამო ვაშალომიძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: