„დედობის შემდეგ გავხდი უკვდავი“, - ამის შესახებ ინფლუენსერმა თათია თექთურმანიძემ პოდკასტში „მერე“ სტუმრობისას ისაუბრა. „მასტერშეფის“ ყოფილმა მონაწილემ გადაცემის წამყვან ირინა ქიქოძესთან პირად გამოცდილებაზე, დედობის შეცვლილ პრიორიტეტებზე, მარტოხელა დედის პასუხისმგებლობასა და საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
თათია პროფესიით იურისტია. უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ იურიდიული მიმართულებით მუშაობის დაწყება გადაწყვიტა. როგორც თავად იხსენებს, მამამისს სურდა, რომ მიღებული განათლება პროფესიით გამოეყენებინა და საქართველოში დაბრუნებისას სამსახური მოეძებნა. თათიამ რუსთავის საკრებულოს იურიდიულ სამსახურში სტაჟირება გაიარა, ხოლო საჭირო გამოცდისთვის მოსამზადებლად და ჩასაბარებლად მხოლოდ ერთი თვე ჰქონდა.
„ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი საქართველოში იყო. არასდროს, არცერთ ეტაპზე, არცერთ ასაკში არ მიფიქრია, რომ აქ ვისწავლი, აქ ვიმუშავებ, აქ გავთხოვდები, აქ ოჯახს შევქმნი. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს უნდა მომხდარიყო საქართველოში“, - ამბობს თათია.
მისი თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცხოვრება მოულოდნელად სხვა მიმართულებით განვითარდა. „მასტერშეფში“ მონაწილეობა თავიდანვე სურდა და პროექტის დაწყებამდე სხვა ქვეყნებში კონკურსის შესაძლებლობებსაც ეძებდა. როდესაც გაიგო, რომ შოუ საქართველოშიც იწყებოდა, გადაწყვიტა, პირველი სეზონის მონაწილე გამხდარიყო.
თათია იხსენებს, რომ პირველი სეზონი განსაკუთრებით რთული იყო, რადგან მონაწილეებმა წინასწარ არ იცოდნენ, რა ელოდათ და დავალებების პირობებსაც ხშირად გამოცდილების მიღების პროცესში იაზრებდნენ. მიუხედავად სირთულეებისა, ამ გადაწყვეტილებას დღემდე არ ნანობს.
გადაცემის ერთ-ერთი თემა იყო მისი ვიდეოც, რომელშიც თათია საქართველოში რუსულენოვანი მომსახურების მოთხოვნას გამოეხმაურა. როგორც განმარტავს, მისთვის მიუღებელია დამოკიდებულება, თითქოს საქართველოში ჩამოსული ადამიანი ადგილობრივებს რუსულ ენაზე საუბარს უნდა ავალდებულებდეს.
„ძალიან ვერ ვიტან, როცა აქ ვინმე თვლის, რომ საქართველოში რაღაც ვალდებულება გვაქვს. თუ ვინმე ქუჩაში რუსულად მომმართავს, აუცილებლად დაველაპარაკები, გზასაც მივასწავლი, მაგრამ როცა ადამიანი მოითხოვს, რომ ვალდებული ვარ, რუსულად ვესაუბრო, ეს ჩემთვის მიუღებელია“, - ამბობს თათია.
მისი საპასუხო ვიდეოს საერთო ჯამში დაახლოებით 9 მილიონი ნახვა ჰქონდა. თათიას თქმით, არ ელოდა, რომ ვიდეო ასეთ გამოხმაურებას მოიპოვებდა.
ინტერვიუს განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი საუბარში დედობას დაეთმო. თათიას თქმით, შვილის გაჩენამ მისი დამოკიდებულება ცხოვრებისა და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ მნიშვნელოვნად შეცვალა. ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დიდხანს იყოს ჯანმრთელი და შვილთან ერთად ყოფნა შეძლოს.
„დედობის შემდეგ გავხდი უკვდავი. ჩემთვის არ შეიძლება ცუდად ყოფნა, არ შეიძლება, ვიყო მოწყენილი. ძალიან ძლიერი და ჯანმრთელი უნდა ვიყო, ბევრი წელი უნდა ვიცოცხლო, იმიტომ, რომ შვილი მყავს“,- აღნიშნავს ის.
თათია საკუთარ თავს მარტოხელა დედად მოიხსენიებს, თუმცა განმარტავს, რომ მისი მდგომარეობა იმ დედების გამოცდილებისგან განსხვავდება, რომლებიც შვილებს მამის მონაწილეობის გარეშე ზრდიან. მისი შვილის მამა ბავშვის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს და ყურადღებას არ აკლებს. მიუხედავად ამისა, თათიას თქმით, ყოველდღიური ზრუნვისა და აღზრდის დიდი ნაწილი მის პასუხისმგებლობაზეა.
„როცა აღიქვამ, რომ სრულიად შენი პასუხისმგებლობის ქვეშ არის ბავშვი, ეს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს. ღამე გძინავს, მაგრამ არ გძინავს - სულ მზად უნდა იყო. ყველა გადაბრუნება, ყველა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გესმის“, - ჰყვება თათია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თათიას საქართველოში სწავლის გაგრძელება და მეორე უმაღლესი განათლების მიღება სურს. ასევე, არ კარგავს კულინარიაში დაბრუნების სურვილს. ამბობს, რომ მომავალში საკუთარი კონცეფციით შექმნილი საცხობი ან საკონდიტრო კაფე სურს გახსნას, რადგან ეს საქმიანობა ძალიან უყვარს და მასში დიდ სიყვარულს დებს.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: