გრძელი თუ მოკლე თმა - რომელი ვარცხნილობა უფრო უხდება ცნობილ ქალებს? ამ თემაზე გამოცემა StarsInsider-მა ფოტოგალერეა მოამზადა, რომელშიც ვარსკვლავების განსხვავებული იმიჯი არის წარმოდგენილი.
თმის სიგრძის შეცვლას შეუძლია ადამიანის გარეგნობა მნიშვნელოვნად გარდაქმნას. ზოგიერთმა ვარსკვლავმა მოკლე ვარცხნილობა საკუთარ საფირმო სტილად აქცია, სხვები კი კვლავ გრძელ თმას დაუბრუნდნენ.
გამოცემა StarsInsider-მა ფოტოგალერეაში სულ 30 ცნობილი ქალი გააერთიანა და მკითხველს მათი განსხვავებული იმიჯი წარუდგინა. „დაიჯესტმა“ კი აქედან ჩვენი მკითხველისთვის 12 ვარსკვლავი შეარჩია, რომელთა გარეგნობაშიც თმის ვარცხნილობის ცვლილებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა.
ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ისინი გრძელი და მოკლე თმით.
დემი ლოვატო
დემი ლოვატოს თმის ვარცხნილობის ცვლილებები მის პირად გარდაქმნებსაც ასახავს. იმ პერიოდში, როდესაც მომღერალი საკუთარ თავს they/them ნაცვალსახელებით მოიხსენიებდა, უპირატესობას მოკლე ვარცხნილობას ანიჭებდა. ახლა კი, როდესაც ის she/her ნაცვალსახელებს იყენებს, კვლავ გრძელ თმას დაუბრუნდა.

შარლიზ ტერონი
შარლიზ ტერონს კინოროლებისთვის თმის ვარცხნილობა არაერთხელ შეუცვლია. კარიერის დასაწყისში მსახიობი ძირითადად გრძელი ქერა თმით ჩნდებოდა, თუმცა ფილმისთვის „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ (2015) თავის გადაპარსვაც მოუწია. მას შემდეგ ტერონი ხშირად ექსპერიმენტებს ატარებს თმის სიგრძესა და ვარცხნილობაზე.

რიანა
რიანა პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სტილის მქონე ვარსკვლავია, რომელიც თმის ვარცხნილობას ხშირად იცვლის. კარიერის დასაწყისში მას გრძელი, ტალღოვანი თმა ჰქონდა, მოგვიანებით კი ცნობილი ასიმეტრიული ბობი და მოკლე, ბუნებრივი კულულები მოირგო. მომღერალი მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებს და მისი შემდეგი იმიჯის გამოცნობა ყოველთვის რთულია.

ენ ჰეთევეი
ენ ჰეთევეი, როგორც წესი, გრძელი, მუქი ყავისფერი თმით გვევლინება, თუმცა ფილმისთვის „საბრალონი“ (2012) მსახიობმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და მოკლე, პიქსი ვარცხნილობა მოირგო. როლისთვის მას წონის საგრძნობლად დაკლებაც მოუწია, რამაც მისი გარეგნობა სრულიად გარდაქმნა.

კიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანს თმის სიგრძესა და ვარცხნილობაზე ექსპერიმენტები არაერთხელ ჩაუტარებია. მას ძალიან გრძელი თმაც მოურგია - ისეთი სიგრძის, რომ თმა მუხლებს ქვემოთაც კი სწვდებოდა. ამასთან, ხშირად ირჩევს დახვეწილ, მოცულობით ბობს, რომელიც მის სახის ნაკვთებს განსაკუთრებით უხდება. როგორც ჩანს, კარდაშიანს თითქმის ყველა სტილი აქვს გამოცდილი.

სიდნი სუინი
სიდნი სუინიმ თანამედროვე ჰოლივუდში გრძელი, მოცულობითი ქერა თმით გაითქვა სახელი, რომელიც მისი იმიჯის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილად იქცა. ამიტომ 2025 წელს თმის მოკლედ შეჭრის გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა ახალ ვარცხნილობაშიც მსახიობი კვლავ გლამურულად გამოიყურება.

ტეილორ სვიფტი
ტეილორ სვიფტმა კარიერა გრძელი, ხვეული თმით დაიწყო, რომელიც მის ქანთრი-იმიჯს განსაკუთრებულად უხდებოდა. დაახლოებით 2014 წელს მომღერალმა სტილი შეიცვალა და მხრებამდე სიგრძის ბობი, ჩოლკით, მოირგო. ეს ცვლილება მის ახალ, პოპმუსიკაზე ორიენტირებულ იმიჯსაც უსვამდა ხაზს. მას შემდეგ, რაც ახალი სტილი მის სავიზიტო ბარათად იქცა, სვიფტმა თმის გაზრდა გადაწყვიტა.

ვიქტორია ბეკქჰემი
ვიქტორია ბეკქჰემმა, რომელიც 90-იან წლებში ჯგუფ Spice Girls-ის წევრის, Posh Spice-ის სახელით გახდა ცნობილი, პოპულარობა პატარა შავი კაბითა და მკვეთრი ფორმის მოკლე ბობით მოიპოვა. მას შემდეგ ვარსკვლავმა არაერთი ვარცხნილობა მოირგო - პიქსი სტილის მოკლე შეჭრიდან დაწყებული, თმის დაგრძელებით დასრულებული. ბოლო პერიოდში კი გრძელი, ბუნებრივი იერი მოკლე და არათანაბარი შეჭრით ჩაანაცვლა.

მაილი საირუსი
დისნეის ეპოქის დასრულების შემდეგ მაილი საირუსი ძირითადად გრძელ, ოდნავ დაუდევარ ვარცხნილობას ანიჭებდა უპირატესობას. თუმცა 2013 წელს, სიმღერის Wrecking Ball გამოსვლის პერიოდში, მომღერალმა რადიკალურად შეიცვალა იმიჯი - თმა ძალიან მოკლედ შეიჭრა. ეს მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და მეამბოხე სტილისტური ცვლილება იყო.

ჰეილი ბიბერი
რთულია იმის თქმა, გრძელი თუ მოკლე თმა უფრო უხდება ჰეილი ბიბერს, რადგან მოდელი ორივე სტილით შესანიშნავად გამოიყურება. თუმცა ბოლო პერიოდში მის საფირმო ვარცხნილობად თანამედროვე, ე.წ. მოდელის ყოველდღიური სტილის ბობი იქცა - დახვეწილი, მარტივი და ბუნებრივი იერით.

სელენა გომესი
სელენა გომესს კარიერის განმავლობაში არაერთხელ შეუცვლია თმის სიგრძე, ხან გრძელი თმა ჰქონდა, ხან კი მოკლე ვარცხნილობას ირჩევდა. თუმცა 2025 წლის სექტემბერში ქორწინების შემდეგ მომღერალი მოკლე ვარცხნილობას ინარჩუნებს, რომელიც, გამოცემის შეფასებით, მის ახალ, უფრო მომწიფებულ ცხოვრებისეულ ეტაპს ასახავს.

პამელა ანდერსონი
პამელა ანდერსონის გრძელი, მოცულობითი ქერა თმა 90-იანი წლების გლამურის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, განსაკუთრებით სერიალ „მაშველების“ პოპულარობის პერიოდში. მოგვიანებით, როდესაც მსახიობმა მაკიაჟზე უარის თქმისა და ბუნებრივი სილამაზის წარმოჩენის ეტაპი დაიწყო, თავდაპირველად გრძელ თმას ინარჩუნებდა, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო მოკლე ვარცხნილობაზე გადავიდა.
