Digest Logo

მაილი საირუსმა უსახლკარო ქალების დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო: პროექტის ფარგლებში მათ საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ

1795682588
მაილი საირუსი

ამერიკელმა მომღერალმა მაილი საირუსმა „მაილი საირუსის ფონდის“ მეშვეობით 1 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა გააკეთა, რომელიც ლოს-ანჯელესში, სკიდ როუს (Skid Row) უბანში მდებარე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის - Rosa’s Place-ის მხარდაჭერას მოხმარდება.

შემოწირულობის შესახებ 10 ოქტომბერს, ორგანიზაცია Downtown Women’s Center-ის ყოველწლიურ საქველმოქმედო საღამოზე გახდა ცნობილი, სადაც მაილი საირუსი და მისი დედა, ტიშ საირუს-პერსელი, წლების განმავლობაში გაწეული აქტივიზმისთვის დააჯილდოვეს. ღონისძიების ფარგლებში სულ რეკორდული თანხა - 3.2 მილიონი დოლარი შეგროვდა.

ახალი პროექტი Rosa’s Place უსახლკარობისგან თავის დაღწევის პროცესში მყოფ და ძალადობაგამოვლილ ქალებს 97 მუდმივი საცხოვრებელი ბინითა და ადგილზე დახმარების სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფს.

ორგანიზაციის ცნობით, შენობის გახსნა 2027 წელს იგეგმება, მის ინტერიერის დიზაინზე მუშაობაში კი მაილი საირუსი და დედამისიც ჩაერთვებიან.

„ვიცოდი, რომ მსურდა ჩემი პლატფორმა იმ პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად გამომეყენებინა, რომლებიც რეალურ ადამიანებს ეხებათ და რომლებსაც ძალიან ხშირად უგულებელვყოფთ“, - განუცხადა საირუსმა გამოცემა Billboard-ს.

საცხოვრებელ კომპლექსს სახელი „სკიდ როუს“ ყოფილი მცხოვრების, როზა არზოლას პატივსაცემად დაერქვა, რომლის ისტორიამაც თითქმის 50 წლის წინ Downtown Women’s Center-ის დაარსებას ჩაუყარა საფუძველი. თავად მაილი საირუსი უსახლკარობის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა ინიციატივას უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად უჭერს მხარს.

✕