ჰოლივუდის ლეგენდარულ მსახიობ ალ პაჩინოს კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის SAG-AFTRA-ს ცხოვრებისეული მიღწევების ჯილდოს გადასცემენ. 86 წლის მსახიობი ამ პრესტიჟული ჯილდოს 62-ე მფლობელი გახდება.
ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
მედიის ცნობით, ალ პაჩინოს ჯილდოს 2027 წლის 28 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, მსახიობთა გილდიის 33-ე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცემენ. ღონისძიება Netflix-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
SAG-AFTRA-ს ჯილდო იმ მსახიობებს გადაეცემათ, რომლებიც თავიანთი კარიერითა და საქმიანობით სამსახიობო პროფესიის საუკეთესო პრინციპებს განასახიერებენ. პაჩინოს შემთხვევაში, აღიარება ექვს ათწლეულზე მეტხანს გაგრძელებულ კარიერასა და ქველმოქმედებასაც უკავშირდება.
„ცხოვრების დიდი ნაწილი ვეძებდი და ვიკვლევდი, თუმცა სცენარისა და კოლეგა მსახიობების გვერდით ყოველთვის შინ ვგრძნობდი თავს. მუშაობა და მსახიობები, რომლებსაც ამ გზაზე შევხვდი, ჩემი ცხოვრების უდიდეს სიხარულთა შორის არიან. ჩემთვის დიდი პატივია, რომ SAG-AFTRA ამ გზას ასე აფასებს“, - განაცხადა ალ პაჩინომ.
SAG-AFTRA-ს პრეზიდენტმა შონ ესტინმა მსახიობს განსაკუთრებული ქარიზმის, ემოციური სიღრმისა და სამსახიობო ოსტატობის გამო პატივი მიაგო. მისი თქმით, პაჩინოს შესრულების ყურებისას მაყურებელი ერთდროულად ხედავს ადამიანს, რომელიც მუდმივად სწავლობს, და ნამდვილ ოსტატს, რომლის ნამუშევრებიც მსახიობებისთვის მაღალი პროფესიული სტანდარტის მაგალითია.
შეგახსენებთ, რომ ალ პაჩინო მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მისი კარიერის გარდამტეხი ეტაპი 1972 წელს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში „ნათლია“ მაიკლ კორლეონეს როლის შესრულება გახდა. მსახიობმა პერსონაჟი ტრილოგიის მომდევნო ნაწილებშიც განასახიერა და ამ როლით კინოს ისტორიაში დაიმკვიდრა ადგილი.
მისი ცნობილი ნამუშევრებია „ნათლია“, „სერპიკო“, „ძაღლური შუადღე“, „ნაიარევი სახე“ და „ქალის სურნელი“. სწორედ უკანასკნელ ფილმში შესრულებული როლისთვის მიიღო მან 1993 წელს „ოსკარი“ მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
პაჩინოს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის - „ოსკარი“, ორი ტონის ჯილდო, ორი „პრაიმტაიმ ემის“ ჯილდო და ორი მსახიობთა გილდიის ჯილდო. მას ასევე მინიჭებული აქვს კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის განკუთვნილი AFI-ის ჯილდო და კენედის ცენტრის საპატიო ჯილდო.
მსახიობის საქმიანობა მხოლოდ კინოსა და თეატრით არ შემოიფარგლება. ის მონაწილეობდა საქველმოქმედო კამპანიებში, რომლებიც სიღარიბესთან ბრძოლას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერას ემსახურებოდა. 2009 წელს პაჩინო ართრიტის ფონდის ჰუმანიტარული ჯილდოთიც დააჯილდოვეს.