ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე უარყოფს ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მამა შვილს ალიმენტს უხდის და ამავე დროს უძრავი ქონებაც დაუტოვა.
„ალიმენტს არ იხდის ნიკოლოზ ბასილაშვილი, ეს არის ფაქტი და დამტკიცებულია დოკუმენტებით.
ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ 2018 წელს, როდესაც ისინი თანაცხოვრებაში იყვნენ, ნეკა დოროყაშვილმა დაიწყო ქონებრივი დავა. ეს ფაქტობრივი შეცდომაა. ისინი 2020 წლის 14 თებერვალს განქორწინდნენ, მაგრამ ფაქტობრივი თანაცხოვრება 2019 წელს შეწყდა.
ქონებრივ დავას რაც შეეხება. დიდ თანხას ასახელებენ, თითქოს ამდენი ფული აქვს საჩუქრად მიღებული ქალს და ალიმენტზე ეწუწუნება.
ნეკა დოროყაშვილის მხრიდან დაიწყო დავა 9 ქონებაზე, მაგრამ არავინ იცის რა ქონებაზეა დავა.
„მეორე ასპექტია აქ, თურმე ნიკოლოზ ბასილაშვილმა აჩუქა ყველაფერი და არაფერი დაიტოვა. როცა ნიკოლოზს არაფერი გააჩნდა, ისინი სწორედ იმ პერიოდში დაქორწინდნენ. კანონით ნახევარი ნახევარზე იყოფა თანაცხოვრებისას დაგროვილი დოვლათი“ – აცხადებს ადვოკატი.
ანა აბაშიძის თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ქონებრივი დავა მას შემდეგ დაიწყო, როცა აღმოაჩინა, რომ თანაცხოვრების პერიოდში დაგროვილ ქონებას, ნიკოლოზ ბასილაშვილი დედაზე და მამაზე აფორმებდა.
„ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს ქონება „კინგ დევიდში“, ასევე ძველ თბილისში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ა.შ.
ისე წარმოაჩინეს თითქოს მას ჰქონდა სამი სახლი და სამივე გადასცა ყოფილ მეუღლეს. მას ჰქონდა 9 ქონება და დაიწყო თვალთმაქცური გარიგება. ნეკა დოროყაშვილი არ არის სულელი ქალი და ამას არ პატიობენ მას.
ჟურნალები არსებობს, ნეკა რომ უგზავნიდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, „ელიავაზე ვიყიდე 5 ლარის ლურსმანი” და ა.შ.
გარდა ამისა მასზე მიმდიონარეობდა ეკონომიური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მისი ყველა კარიერული წინსვლა იყო დაბლოკილი. იყო კონტროლი რომ მას არ ემუშავა და არ გასულიყო სახლიდან.
როცა ბასილაშვილმა თვალთმაქცურად დაიწყო ქონების გასხვისება, ნელიმ დაიწყო საკუთარი ქონების დაცვა, მიმართა სასამართლოს და ყველაფერი დაყადაღებინა.
როცა შენიშნეს ბატონმა ნიკოლოზმა და მისმა ადვოკატებმა, საქმე ცუდად მიდიოდა და მოსამართლემ ყადაღა დაადო დედამისის და მამამისის ქონებას, დაფიქრდნენ, რომ ცუდადაა საქმე და ხომ არ მოვრიგდეთო?
ნიკოლოზ ბასილაშვილი 8 თვის განმავლობაში სარჩელს სარჩელზე წერდა. ითხოვდა წილს, მათ შორის დალომბარდებული მანქანიდან, რომელიც ნეკამ დაალომბარდა მას შემდეგ, რაც ნიკამ გადაუკეტა ყველანაირი შემოსავლის წყარო“, – ამბობს აბაშიძე.
კითხვაზე, რისთვის ჩაურიცხა ბასილაშვილმა დოროყაშვილს 100 000, ადვოკატი განმარტავს, რომ ეს იყო წილი ქონებიდან.
„ნეკას ქონების წართმევა რომ სდომოდა, მორიგების აქტს ხელს არ მოაწერდა. მან მისი საკუთრება ოჯახს აჩუქა და მოაწერა ხელი აქტზე, დაადასტურა, რომ არ დაობს.
ქონების 20 % აქვს ნეკა. რაც შეეხება ჭავჭავაძის სახლს, სადაც ახლა შვილთან ერთად ცხოვრობს, პირველივე დღიდან ნელი დოროყაშვილის სახელზე იყო ის ბინა რეგისტრირებული, ისევე როგორც ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სახლი.
როდესაც დაიწყო ქონებრივი დავა, ნელი დოროყაშვილმა აღძრა სარჩელი ალიმენტზე. ეს არის კონკრეტული მშობლის ვალდებულება – გადაიხადოს ალიმენტი. როცა ბასილაშვილებმა ნახეს, რომ ალიმენტზეც დავა დაიწყო, მივიდა ისევ ნიკოლოზი დოროყაშვილთან და ალიმენტზე მორიგებაც შესთავაზა.
შედგა სამედიაციო შეთანხმება და სანამ ნეკა ხელს მოაწერდა, ბასილაშვილმა ჯერ ჩარიცხა 3000, ხოლო შემდეგ 600 ლარი, ესეც იყო თვალთმაქცური ქცევა, რომ ეჩვენებინა, თითქოს დაიწყო ალიმენტის გადახდა, იმისთვის რომ შემდგარიყო შეთანხმება.
მედიაციის შეთანხმება შედგებოდა ორი პუნქტისგან:
ისინი შეთანხმდნენ, რომ ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სახლი ბავშვის ქონება ყოფილიყო და არ მომხდარიყო მისი განკარგვა. მამა თავისი ნებით გადაიხდიდა ალიმენტს, რასაც კანონი ავალდებულებს.
4 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვილს აჩუქა ბინა, ხოლო ორ კვირაში მისი წარმომადგენელი დედა მივიდა საჯარო რეესტრში და აღსრულების შეჩერება მოითხოვა" - ამბობს ადვოკატი.
ანა აბაშიძემ ბასილაშვილის დაცვის მხარეს მოუწოდა, მისცენ საჯარო თანხმობა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნებაზე.
„მივმართავ ბასილაშვილის მხარეს და მის წარმომადგენლებს. ჩვენ არც ერთხელ არ გვიკადრია მტკიცებულებების გასაჯაროება, ეს არის სისხლის სამართლის მასალები, რომელზეც ვრცელდება პერსონალური ინფორმაციის დაცვის კანონი.
კანონი ითხოვს თქვენს თანხმობას, მე გამოვაქვეყნო მასალები, საჯაროდ გთხოვთ, მომცეთ ნება გავასაჯაროვო მასალები.
თუ საჯაროდ არ მომცემთ ამის თანხმობას, გასაგები იქნება რას ერიდებით, თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენი პირადი უსაფრთხოების დაცვისთვის შეგვიძლია მოგვიწიოს ამის გაკეთება“, - განაცხადა აბაშიძემ.