Digest Logo

„თითქოს დაუდევარი ელეგანტურობა!“ - დემნას პიჯაკის ჩაცმის ახალი წესი და Vogue-ის შეფასება Gucci-ს ჩვენებაზე

1792578591
დემნა გვასალია

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, რომელიც ამჟამად პასუხისმგებელია იტალიური მოდის სახლის Gucci-ის შემოქმედებით მიმართულებაზე, კოლექციების კონცეფციასა და ბრენდის ესთეტიკაზე, მოდის სამყაროში ახალ ესთეტიკას ამკვიდრებს. მისი ერთ-ერთი გამორჩეული სტილისტური გადაწყვეტა პიჯაკის ტრადიციული წესით ჩაცმაზე უარის თქმაა - მოდელებს ზედა სამოსი მხარზე გადაგდებული, თითქოს ნახევრად ჩაცმული აცვიათ.

როგორც Vogue წერს, Gucci-ს უახლეს ჩვენებაზე ყურადღება არა მხოლოდ სამოსის დიზაინმა, არამედ მისმა წარდგენის ფორმამაც მიიპყრო. დემნამ კლასიკური გარდერობის ელემენტები უჩვეულო სტილისტურ გადაწყვეტებს შეუხამა და ყოველდღიური სამოსის ტარების განსხვავებული მიდგომა წარმოადგინა.

კოლექციაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის ზედა სამოსი, მათ შორის მსუბუქი საწვიმრები, ტყავის ქურთუკები და Harrington-ის სტილის ქურთუკები. მოდელებს ისინი მხარზე გადაგდებული ეცვათ, რაც იერსახეს თავისუფლებასა და დაუდევარი ელეგანტურობის შთაბეჭდილებას სძენდა.

„დემნას კონცეფციაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას ვიცვამთ, არამედ ისიც, თუ როგორ ვატარებთ სამოსს. ტრადიციულად ფორმალური პიჯაკი ამ მიდგომით უფრო თავისუფალ და დინამიკურ ელემენტად გარდაიქმნება. თითქოს ჩაცმა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა სწორედ ეს დაუმთავრებლობის ეფექტი ქმნის სტილის მთავარ ხასიათს.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დეტალების შეცვლით დემნა ნაცნობ სილუეტებს ახალ მნიშვნელობას ანიჭებს და მოდის მოყვარულებს ჩაცმის დამკვიდრებული წესების გადახედვისკენ უბიძგებს.

პიჯაკის ნახევრად ჩაცმის ტენდენცია ასევე ეხმიანება თანამედროვე მოდაში არსებულ ინტერესს ბუნებრივი, თითქოს დაუგეგმავი იერსახის მიმართ. ამ შემთხვევაში, დაუდევრობა შემთხვევითი არ არის - ის გააზრებული სტილისტური არჩევანია“, - წერს Vogue.

✕