ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილებაზე „იუთუბის“ არხზე „ფუუპოდკასტში“ საუბრობს და იხსენებს, რა უთანხმოება ჰქონდა გია ჯაჯანიძესთან ერთ-ერთი გადაცემის დროს. მისი თქმით, უთანხმოება გარეგნობასთან დაკავშირებულ თემას მოჰყვა, რის შემდეგაც ჯაჯანიძემ ხელმძღვანელობასთან დააყენა საკითხი, რომ გადაცემაში მასთან ერთად აღარ დამჯდარიყო.
როგორც გიორგი ნაზღაიძე ჰყვება, საუბარი მის გარეგნობასა და ასაკთან დაკავშირებულ საკითხს შეეხებოდა. წამყვანის თქმით, მან ჯაჯანიძეს საპასუხოდ უთხრა ფრაზა, რომელმაც ის გაანაწყენა.
„ტელევიზიის სტრუქტურა ძალიან დეპრესიულია. ყველა ჩაშვებაზეა, ყველა გარბის დირექტორთან, რომ პლუსი დაიწეროს და რაღაც უთხრას. დირექტორი მერე შენ გირეკავს და გეუბნება: გიო, რამე ინფორმაცია თუ გაიგე, დამირეკე.
მე, სადაც ვმუშაობდი, იქ ასეთი რამ არ იყო. „იმედის“ დილის გადაცემაში ისეთი შეკრული გუნდი ვიყავით, მსგავსი რაღაცები არ ხდებოდა.
ჯაჯოსთან დაკავშირებით ასეთი ამბავი იყო: გადაცემაში გარეგნობაზე ვსაუბრობდით და მეუბნებოდა, „შენ სულ ასეთი არ იქნები, გარეგნულად ახალგაზრდაო“. მე ვუთხარი: „შენ სანამ ჩემს სიბერეს მოესწრები, უკვე დაბრედილი იქნები-მეთქი“. ამაზე გაუტყდა, დირექტორთან მივიდა და უთხრა, თუ ეს იჯდება, {გადაცემაში რედ. შენიშვ.} მე აღარ დავჯდებიო.
შეგიძლია, პრეტენზია გქონდეს, საჩივარიც დაწერო, მაგრამ როცა ამბობ, ან მე ვიჯდები, ან ესო, ეს უკვე სხვა საკითხია. წამყვანებს შორის ქიმია თუ არ არის, ეს გადაცემაზეც აისახება.
ტელევიზიაში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ თვითონ სტრუქტურაა ისეთი, რომ ზოგჯერ თანამშრომლები ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან, რათა დირექტორთან თავი გამოიჩინონ“, - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.
ტელეწამყვანი ასევე საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წამყვანებს შორის ურთიერთგაგება და პროფესიული ქიმია, რათა გადაცემა მაყურებლისთვის საინტერესო იყოს.