80 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი შერი ახალ ალბომზე მუშაობს. ამის შესახებ მან ჟურნალ Vogue-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელშიც მომღერალმა მუსიკის გარდა მოდაზე, კარიერის ხანგრძლივობასა და გარდაცვლილ დიზაინერ ბობ მაკისთან მეგობრობაზეც ისაუბრა.
შერი Moncler-ის ახალი კამპანიის, Re/Icons-ის ერთ-ერთი მთავარი სახეა. კამპანიაში მასთან ერთად მონაწილეობენ მომღერალი ჯენი (Jennie), ჯგუფ Blackpink-ის წევრი, და მოდისა და მუსიკის ლეგენდა გრეის ჯონსი.
ფოტოსესია გაბრიელ მოსესმა გადაიღო.
კამპანიაში შერი ბრენდის ცნობილ ზამთრის ქურთუკებში გამოჩნდა - შავ Verone-სა და თეთრ Himalaya-ში. მომღერლის თქმით, Moncler-ის სამოსი დიდი ხანია მოსწონს.

„შავი ჩემი საყვარელი ფერია. ასევე მიყვარს კრემისფერი და თეთრი, ამიტომ ეს სამოსი ჩემთვის იდეალური იყო. მომწონს Moncler-ის ნივთების სიმარტივე და ჭრა. ისინი სადა, მაგრამ ელეგანტურია“, - ამბობს შერი.
კითხვაზე, როგორ ახერხებს წლების განმავლობაში აქტუალობის შენარჩუნებას, მომღერალი პასუხობს, რომ ამის ზუსტი მიზეზი თავადაც არ იცის.
„როდესაც კარიერა დავიწყე, 19 წლის ვიყავი და უკვე ცნობილი გავხდი. არასდროს მიფიქრია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდებოდა. მეგონა, შესაძლოა, ცოტა ხნით ვყოფილიყავი ცნობილი, მაგრამ ასი წელი — ამას ნამდვილად არ ველოდი.
შეგიძლია ფილმი გადაიღო ან ალბომი გამოუშვა, მაგრამ წარმატებას ვერ დაგეგმავ. იღბალმა ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა“, - ამბობს მომღერალი.

შერი იხსენებს პერიოდსაც, როდესაც მომღერალ სონი ბონოსთან დაშორების შემდეგ ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„ფული არ მქონდა, ამიტომ ნიუ-იორკში წავედი და სამკაულები გავყიდე. იქ არაფერი გამაჩნდა. უბრალოდ, ბავშვები წავიყვანე და წავედი. მინდოდა მსახიობი გავმხდარიყავი და საბოლოოდ როლიც მივიღე“, - იხსენებს ის.
ინტერვიუში შერი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს დიზაინერ ბობ მაკის, რომელთანაც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. სწორედ მას უკავშირდება მომღერლის არაერთი გამორჩეული სასცენო კოსტიუმი, მათ შორის ცნობილი „შიშველი კაბა“.
„ბობის გარეშე ნამდვილად ვერ გავხდებოდი მოდის ხატი. მან უდიდესი როლი ითამაშა ჩემი ინდივიდუალური სტილის შექმნაში. სხვა რაღაცებიც გამიკეთებია დამოუკიდებლად, მაგრამ სწორედ ბობმა მიბიძგა იმ განსაკუთრებული გლამურული სახეებისკენ, რომლებითაც დავიმახსოვრე თავი“, - ამბობს შერი.

შერის თქმით, მაკის კაბები იმდენად დახვეწილად იყო შექმნილი, რომ მათი უკუღმაც ჩაცმაც კი შეიძლებოდა.
განსაკუთრებით იხსენებს კაბას, რომელიც პირველად Met Gala-ზე ეცვა და მოგვიანებით ჟურნალ Time-ის გარეკანზეც გამოჩნდა. მისი თქმით, მაშინ ვერც კი წარმოედგინა, რომ ეს სამოსი იმდენად თამამად ჩაითვლებოდა, რომ ბევრს შიშველი სხეულის ილუზიას შეუქმნიდა.
დღეს, როდესაც წითელ ხალიჩაზე გამჭვირვალე და სხეულის გამომჩენი კაბები ხშირად გვხვდება, შერის ამ ტენდენციაზე საკუთარი, იუმორისტული პასუხი აქვს:
„ისინი ცოტა გვიან მოვიდნენ“.

ინტერვიუს ბოლოს Vogue-მ მომღერალს ჰკითხა, უნდა ელოდონ თუ არა მსმენელები ახალ მუსიკას.
შერის პასუხმა გულშემატკივრების ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა.
„ახლა ალბომის ჩაწერას ვაპირებ, მაგრამ ასევე ვაპირებ სიმღერის გაკეთებას, ყველაზე გიჟურ კოლაბორაციას, რაც კი ოდესმე ყოფილა. ამაზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ შესანიშნავია. ეს ისეთი კოლაბორაციაა, რომელსაც ვერავინ იფიქრებდა“, - ამბობს მომღერალი.
შერის ჯერჯერობით არ დაუსახელებია, ვისთან ერთად აპირებს ახალი სიმღერის ჩაწერას და არც პროექტის გამოსვლის თარიღი გაუმხელია.
თუმცა მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ მუსიკალურ სცენაზე კიდევ ერთი მოულოდნელი პროექტისთვის ემზადება.
