Digest Logo

„თუ ფული არ გაქვს, რა გესეირნება და რა გეგულავება“ - რა ხდება დათო ლიკლიკაძის სამოგზაურო ტურებში

1794925547
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა დათო ლიკლიკაძემ გადაცემაში „სარკასტიკა“ ტურების ორგანიზების გამოცდილებაზე, გიდობასა და მოგზაურობისას მონაწილეების ფინანსურ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

როგორც ლიკლიკაძე განმარტავს, მის ტურებში სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანები მონაწილეობენ, თუმცა ზოგჯერ დამატებითი ხარჯების გამო უხერხული სიტუაციებიც იქმნება.

მისი თქმით, მაგალითად, დუბაიში მოგზაურობისას ბურჯ-ხალიფაზე ასვლის მსურველებს წინასწარ უხსნის, რომ ატრაქციონის ბილეთის ღირებულება დამატებითი ხარჯია და თანხა ასვლის დონეზეც არის დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა, მიგვყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფულს აგროვებენ, წვალობენ და მოგზაურობა უნდათ, მაგრამ მათთვის ცალკე ჩატს ვაკეთებ. მაგალითად, დუბაიში ვიღაც ამბობს, ბურჯ-ხალიფაზე ასვლა მინდა. ვეუბნები, რომ ნახევრამდე ასვლა დაახლოებით 100 დოლარის ეკვივალენტი ღირს დირჰამებში, ბოლომდე ასვლა კი – 200 დოლარი“, - ჰყვება ლიკლიკაძე.


დათო ლიკლიკაძემ გადაცემაში საკუთარი საქმიანობის კიდევ ერთ მიმართულებაზე – ინფლუენსერობასა და სარეკლამო თანამშრომლობებზე ისაუბრა.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ქუთაისში არ ახსენდება ბიზნესი, რომელსაც რეკლამის განთავსება სურდა და მისთვის არ მიუმართავს. მისი თქმით, თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე ცნობილ ბრენდებთან, მათ შორის სამშენებლო კომპანიებთან, რესტორნებსა და სხვადასხვა ბიზნესთან.

ლიკლიკაძე ამბობს, რომ სარეკლამო მომსახურების ანაზღაურება დამკვეთსა და თანამშრომლობის პირობებზეა დამოკიდებული, თუმცა კონკრეტული თანხების დასახელებისგან თავს იკავებს.

„გააჩნია დამკვეთს და გააჩნია, რას ითხოვენ. ქუთაისში არ ვიცნობ ბიზნესს, რომელსაც რეკლამა დაეპირებინოს და ჩემთვის გვერდი აევლოს. მაგალითად, არიან ცნობილი ბრენდები თბილისში, რომლებსაც ქუთაისშიც აქვთ ოფისი, მაღაზია, რესტორანი და თანამშრომლობენ ჩემთან“, - ამბობს დათო ლიკლიკაძე.

მისივე თქმით, არ სურს, მხოლოდ ქუთაისის კოლორიტის სტატუსით აღიქვამდნენ, რადგან მიაჩნია, რომ ამ იარლიყს გარკვეული შეზღუდვებიც ახლავს.

✕