კიმ კარდაშიანმა გარდაცვლილ მამასთან, ცნობილ ადვოკატ რობერტ კარდაშიანთან, ბოლო მნიშვნელოვანი საუბარი გაიხსენა. რეალითი შოუს ვარსკვლავი ემოციურ მოგონებებს ახალ ბიოგრაფიულ წიგნში, Citizen Kim: The Woman Who Created the Future, გვიზიარებს.
როგორც კიმი გამოცემა OK! Magazine-თან საუბრის შესახებ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნავს, მამამ მას სიცოცხლის ბოლო პერიოდში მომავლის შესახებ დამაიმედებელი სიტყვები უთხრა.
„მამამ ბოლოს ეს მითხრა: ვიცი, რომ კარგად იქნები, ამას ვხედავ. თითქოს შემიძლია დავინახო, როგორი იქნება მთელი შენი ცხოვრება“, - იხსენებს კიმი.
მისი თქმით, საუბრისას ისინი დივანზე ისხდნენ და ფილმს უყურებდნენ. მამამ ხელი ფეხზე დაადო და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა და-ძმებზე ზრუნვაც სთხოვა.
„კარგად იქნები. მაგრამ დანარჩენებსაც მიხედე. დარწმუნდი, რომ შენი ძმაც კარგად იქნება“, - იხსენებს კიმი მამის სიტყვებს.
კიმის თქმით, რობერტის ეს თხოვნა მასზე წლების განმავლობაში დიდ გავლენას ახდენდა და ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისასაც ახსენდებოდა.
ვარსკვლავმა მამის სიცოცხლის ბოლო საათებიც გაიხსენა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესებული იყო, რომ მასთან საუბარი უკვე აღარ შეეძლო. კიმმა მას მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რაც ასწავლა, მათ შორის, იმისთვის, თუ როგორ უნდა ყოფილიყო კარგი ადამიანი და როგორ გადაეცა ეს ცოდნა მომავალში საკუთარი შვილებისთვის.
რობერტ კარდაშიანი ცნობილი ამერიკელი ადვოკატი იყო, რომელიც O. J. Simpson-ის დაცვის გუნდში მუშაობდა. ის 2003 წლის სექტემბერში, 59 წლის ასაკში, საყლაპავის კიბოთი გარდაიცვალა. იმ დროს კიმი 22 წლის იყო.
მამასთან დაკავშირებულ მოგონებებში კიმი ხშირად აღნიშნავს, რომ რობერტმა მის პროფესიულ ინტერესებზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და სამართლის მიმართ ინტერესი გაუღვივა.