ასტროლოგი, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, სოციალურ ქსელში მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.
მისი თქმით, გარდამავალი პერიოდი დასრულდა და უკვე 2026 წლის პირველივე დღეებიდან მკაფიოდ ვიგრძნობთ ცეცხლოვანი ენერგიების შემოდინებას, რომელიც იქნება სწრაფი, მკვეთრი და შეუჩერებელი:
„დღევანდელი პოსტი შეეხება 4-დან 11 იანვრამდე პერიოდს.
გასული დღეები ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო. თითქოს სამყარომ დრო მოგვცა წარსულის ტვირთისგან გასათავისუფლებლად და შინაგანი გარდაქმნისთვის, თუმცა ეს გარდამავალი პერიოდი დასრულდა და უკვე პირველივე დღეებიდან მკაფიოდ ვიგრძნობთ ცეცხლოვანი ენერგიების შემოდინებას, რომელიც იქნება სწრაფი, მკვეთრი და შეუჩერებელი. მსოფლიო მოვლენები უკვე დაძაბულია და პროცესები მთელი სისწრაფით ვითარდება. ინფორმაცია ტალღებად გვაწყდება, რეალობა კი გვიბიძგებს, რომ სწრაფად ვიაზროვნოთ, მძაფრად ვიგრძნოთ და გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ მივიღოთ.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ წინა ორი წლის დასაწყისისგან განსხვავებით, როდესაც რეტროგრადული პლანეტები ენერგიას აფერხებდნენ, წელს ყველაფერი პირიქითაა. მერკური, ვენერა და მარსი ახლა დირექტულად მოძრაობენ, ძალიან ძლიერები არიან და სწორედ იანვარში აღწევენ აქტივობის პიკს. ეს მძლავრი ენერგეტიკული ნაკადი მყისიერი მოქმედებისკენ მოგვიწოდებს და მიგვანიშნებს, რომ ჩვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე გაცილებით ნაკლები დაბრკოლება შეგვხვდება.
მომავალი კვირა გვეუბნება, რომ ახლა ხელების დაკრეფა და ლოდინი არ შეიძლება. აუცილებელია გამოვიყენოთ ყოველი დღე და სტრატეგიულად დავგეგმოთ ჩვენი პირადი თუ პროფესიული ცხოვრება.
ამჟამად ყველა პირადი პლანეტა თხის რქის ნიშანში იყრის თავს.
მზე - ძალას მატებს ჩვენს ამბიციებს და განზრახვებს. ვენერა - გვიბიძგებს გადავხედოთ ჩვენი ღირებულებების და ფასეულობების სისტემას.
მერკური- ახალ იდეებს შემოგვთავაზებს.
მარსი კი საჭირო მოქმედების ენერგიით უზრუნველგვყოფს გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.
თხის რქა მიზანსწრაფულობის ნიშანია, ამიტომ ახლა საკვანძო მნიშვნელობა სწორედ სტრატეგიულ მიდგომას ენიჭება. პლანეტების ეს შეერთება ახალ ციკლებს უდებს საფუძველს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კვირა ახალი წამოწყებებისთვის საუკეთესო დროა. მნიშვნელოვანია ჩამოვყალიბდეთ, რა გვსურს სინამდვილეში და როგორია ჩვენი გრძელვადიანი გეგმები.
მერკურმა დააღწია თავი სატურნისა და ნეპტუნის მკაცრ გავლენას. ეს ნიშნავს, რომ გაურკვევლობის, შიშებისა და მენტალური ნისლის პერიოდი სრულდება. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი: ამ ეტაპიდან ზოგიერთი განწმენდილი გონებით გამოვა, ზოგი კი შესაძლოა კიდევ უფრო ღრმად ჩაიძიროს ილუზიებში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად იყავით სიმართლისთვის თვალებში ჩაგეხედათ გასული წლის ბოლოს. საკითხები, რომლებსაც აქამდე არიდებდით თვალს, მომავალ კვირას შესაძლოა მთელი სიმწვავით წარმოჩნდეს.
5-დან 11 იანვრამდე პერიოდში შესაძლოა დაგეუფლოთ განცდა, რომ ბოლომდე არ გესმით, რა გინდათ, მაგრამ ზუსტად იცით, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ გსურთ. ეს კვირა ჩვენი შინაგანი მოთხოვნილებების ფორმირების დროა.
კვირის პირველი ნახევარი ანალიზს დაუთმეთ, რადგან მეორე ნახევრიდან დაძაბულობა მკვეთრად მოიმატებს.
8-9 იანვარს მზე, მარსი და ვენერა იუპიტერთან ოპოზიციაში შევლენ და ჩამოყალიბდება რთული კონფიგურაცია ქირონის მონაწილეობით. ამ დღეებში შესაძლებელია იგრძნოთ იმედგაცრუება, შინაგანი კონფლიქტი სურვილებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის, ამბიციებსა და ფაქტობრივ მდგომარეობას შორის. ეს შეიძლება გამოვლინდეს საქმეში, სამსახურში ურთიერთობებში ან განცდით, თითქოს ცხოვრება ჩიხში შევიდა. თუმცა ეს დაძაბულობა არ არის სასჯელი - ეს არის სიგნალი, რომ ძველი მოდელები და სცენარები აღარ მუშაობს და საჭიროა ახალი მიდგომა.
კვირის მიწურულს, განსაკუთრებით 10 და 11 იანვარს, დაძაბულობა პიკს მიაღწევს. ეს იქნება ერთგვარი გამოცდა ჩვენს გამძლეობაზე, რადგან ჩამოყალიბდება კონფიგურაცია - დიდი ჯვარი - ყველა პირადი პლანეტის მონაწილეობით. ეს არის დუღილის წერტილი, როდესაც შინაგანი კონფლიქტი შესაძლოა გარეთ გამოვიდეს ჩხუბის ან ნაჩქარევი გადაწყვეტილებების სახით, თუმცა თქვენ გაქვთ არჩევანი: შეგიძლიათ ეს მძლავრი ენერგია კონფლიქტებში დახარჯოთ, ან გამოიყენოთ იგი განახლებისთვის.
ეს კვირა საუკეთესოა იმისთვის, რომ გამოუტყდეთ საკუთარ თავს, რა აღარ გაკმაყოფილებთ და შეცვალოთ თქვენი ცხოვრებისეული ორიენტირები.
ნუ გაექცევით ამ დაძაბულობას, უბრალოდ შეჩერდით, დააკვირდით თქვენს რეაქციებს და ნუ იმოქმედებთ ემოციურად.
წინ რთული, მაგრამ ძალიან ძლიერი კვირა გველის, რომელიც შეიძლება დიდი ცვლილებების საწყის წერტილად იქცეს.
გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ენდეთ სამყაროს დინებას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დაფნის რიტუალი გზების გასახსნელად - „ფინანსური ნაკადის ზრდა ხელსაყრელი ხელშეკრულების მოზიდვა“
⭕„წესიერი კაცი სიცოცხლესთან ერთად იმაზეც ფიქრობს, ცხოვრების შემდეგ მისგან რა დარჩება“ - გია მურღულია