Digest Logo

თავისუფლება ეს უწყვეტი პროცესია - ბლიცინტერვიუ ქეთათოსთან

1603786478
ქეთათო ჩარკვიანი - ჯორჯ დელინის ფოტო

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია მუსიკოსი ქეთათო.

საუკეთესო რამ, რაც წელს შენს ცხოვრებაში მოხდა

რთული წელია ზოგადად, მაგრამ არის მნიშვნელოვანი გამონათებებიც. უბრალოდ ის, რაც საუკეთესოა და ჩვენთვის არის განკუთვნილი, არ საჭიროებს გახმოვანებას.

როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი შენი ცხოვრების განმავლობაში?

ბედნიერება ცხოვრების მანძილზე შეიძლება შეიგრძნო სხვადასხვა დროს და ადგილას, განსხვავებულ სიტუაციებში. ბედნიერებაზე წარსულში ლაპარაკი და კონკრეტული სიტუაციების მაგალითად მოყვანა ბლიც-ინტერვიუს რომანად აქცევს.

რა არის შენთვის სრულყოფილი ბედნიერება?

- სისავსის შეგრძნება.

რომელი სიტყვა გიყვარს ყველაზე ძალიან?

- სწორი სიტყვების შერჩევაა მთავარი; კონკრეტულ სიტუაციაში ემოციის მაქსიმალურად გამომხატველი სიტყვები მიყვარს.

რისი ხმა გაღიზიანებთ ?

- ზოგადად არ მიყვარს ხმამაღალი, ხმაურიანი - მაღალ ტონალობაში მოლაპარაკე ადამიანები.

რა არის შენი ხასიათის მთავარი შტრიხი?

- ჩემი ხასიათი ერთი შტრიხით რთული განსასაზღვრია.

რა არის მეგობრობა?

- მეგობრობა ერთგულებაა და საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლასაც გულისხმობს ზოგჯერ, თუ ეს ახლობელ ადამიანს რამით დაეხმარება.

რისი გშურს?

- შეიძლება, ბავშვობაში შეგშურდეს მეგობრის, რომელსაც ნაყინის აპარატმა შენზე მოზრდილი ნაყინის პორცია ჩამოუსხა, თუმცა ზრდასრულ ასაკში შეგნებული ადამიანი შურით ნამდვილად არ დაიმძიმებს საკუთარ ცხოვრებას. შური ხომ ბლოკავს პროგრესს და არ მესმის, რატომ უნდა უმტრო საკუთარ თავს?!

რა გწყინს?

- ზედაპირულობა და გადამეტებული ეგოიზმი ზრდასრულ ადამიანებში მაკვირვებს, არ მწყინს.

რა გახარებს?

- უმნიშვნელო დეტალები მახარებს. რუტინიდან ნებისმიერი გადახვევა, სიახლის მცირე ელემენტიც კი შეიძლება სასიხარულო და ტონუსის ამწევი იყოს ჩემთვის.

რა არის შენი საყვარელი ფერი?

- ყველა ის გრადაცია ფერთა გამაზე, რისი აღქმაც ადამიანის თვალს შეუძლია, საყვარელია.

რა გასევდიანებს?

- მასევდიანებს პრიმიტიული, გაუაზრებელი ემოციები, რომლებიც ხშირად ჩვენივე კომპლექსებიდან გამომდინარე ყოველგვარ ზღვარს შლის ადამიანს, როგორც გონიერ არსებას და პირუტყვს შორის.

რა არის თავისუფლება?

- თავისუფლება არის პერმანენტული მუშაობა საკუთარ თავთან და თავისუფლების საზღვრების საკუთარ თავთან დადგენა. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც უსასრულო რბოლას გავს.

რა იწვევს შენში აღფრთოვანებას?

- აღფრთოვანებას იწვევენ ის პრინციპული, მოტივირებული ადამიანები, რომლებიც არ გაურბიან უამრავ მარცხს, რადგან გააჩნიათ კონკრეტული მიზანი.

ადამიანებში რა თვისებები მოგწონს?

- მომწონს ყველა ის თვისება რაც დესტრუქციისკენ არაა მიმართული და მათ, უნიკალურს ხდის. მჯერა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების კულტივაცია.

რა არის სიყვარული?

- სიყვარული არის ყოვლისმომცველი გრძნობა, როგორც მუსიკაში კოდა, ისეა სიყვარულიც. მის გამო ხდება ყველაფერი.

თუ ღმერთს შეხვდებოდი, რას ისურვებდით, რომ შენთვის ეთქვა?

- და რატომ თუ? გგონიათ არ ვხვდებით ღმერთს?! მართლა შორს, ცაში გგონიათ, თეთრწვერა მოხუცი?!

ketato-popiashvili_o_h.jpeg

ფოტოს ავტორი: ჯორჯ დელონი.