Digest Logo

„ვნანობ ყველა იმ ადამიანის დაკარგვას, რომელიც დავკარგე... ვერ შევძელი, მათ არ ჩაედინათ ის, რაც ჩაიდინეს“ - ბლიცინტერვიუ მაკა რაზმაძესთან

1635507900
მაკა რაზმაძე

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ქართველი ჟურნალისტი მაკა რაზმაძე. 

მაკა რაზმაძე ანუ... ტელეწამყვანი და ჟურნალისტი.

რით ხართ ცნობილი ? - პროფესიით, უშიშრობით.

ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ - არ მაქვს აკვიატებული ფრაზა.

ბავშვობის მიზნები და ოცნებები ?- მინდოდა ყველას, ვინც მიყვარდა, სამუდამოდ ეცოცხლათ.

ყველაზე მომაბეზრებელი კითხვა, რაც თქვენთვის დაუსვამთ - რატომ არ თხოვდები. მერე როცა გავთხოვდი და გავშორდი უკვე მაღიზიანებდა კითხვა - რატომ დაშორდი?

90-იანი წლების ყველაზე დამთრგუნველი მოგონება? - რა თქმა უნდა, ომი.

რა არის თავისუფლება? - თავისუფლება ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, თუმცა ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება! შენი თავისუფლება არასდროს უნდა გადაიტანო სხვის სივრცეში.

როგორ ფიქრობთ რა არის ყველაზე მთავარი რაც ადამიანმა ცხოვრებაში უნდა გააკეთოს? - ალბათ მთავარია, რომ შეძლო უყვარდე სხვა ადამიანებს.

ადამიანის რომელი თვისება გხიბლავთ ყველაზე მეტად? - ადრე მიზანდასახული და ჭკვიანია ადამიანები მომწონდა, ახლაც მომწონს, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვაფასებ ერთგულებასა და იუმორს.

სამყარო იუმორის გარეშე როგორი იქნებოდა? - უკუნითი, რადგან იუმორის გრძნობა თუ გაქვს, შეგიძლია ის სიბნელეც გაანათო

სიყვარული რა არის? - უჩვეულო მოვლენაა და საოცარი გრძნობაა. ძალიან აღმაფრთოვანებს როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ. აგრეთვე არ მჯერა ცალმხრივი სიყვარულის, ვფიქრობ თუ ადამიანისგან იმპულსი არ მოდის ვერ შეგიყვარდება.

მეგობრობა რა არის? - მეგობრობა ძალიან ჰგავს სიყვარულს. ეს არის აბსოლუტური ნდობა და სიყვარული. ვფიქრობ მეგობრობაც, სიყვარულის მსგავსად ორმხრივია.

ამოჩემებული ნივთი რომლის გარეშეც ვერ ძლებთ - სუნამო

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში პანდემიამ? - აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა, არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში არამედ მსოფლიოში.

რაიმე დადებითს ხომ ვერ გამოყოფდით ამ ცვლილებისგან? - ალბათ კარგი ის იყო რომ მეგობრებმა ერთმანეთთან სახლში სტუმრობის ტრადიცია აღვადგინეთ.

რას იზამთ როდესაც კოვიდ პანდემია დასრულდება? - გავაგრძელებ ცხოვრებას.

ანტივაქსერებს რას ურჩევდით? - რჩევა რთულია, მაგრამ ვისურვებდი არასდროს დასჭირვებოდეთ აცრა, თუმცა როცა ეს გარდაუვალია შესაბამისად მოქცევა შეძლონ

როგორ ფიქრობთ, რამდენი სიცოცხლე გაქვთ? - სიცოცხლე ვიგრძენი რამდენჯერმე, როცა სიკვდილს თვალებში ჩავხედე, თუმცა მაინც, ჯერჯერობით, ერთი მაქვს

რას ნანობ ყველაზე მეტად ცხოვრებაში? - ვნანობ ყველა იმ ადამიანის დაკარგვას, რომელიც დავკარგე და ვერ შევძელი ის, რომ მათ არ ჩაედინათ ჩემს მიმართ რაც ჩაიდინეს.

ვისი იმედი გაქვთ ცხოვრებაში? - ჩემი მეგობრების

რჩევა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ - ჩემი უფროსი მეგობრისგან - მერაბ კოსტავასაგან მივიღე დაუვიწყარი რჩევა - ჩვენ არ ვებრძვით კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენ ვებრძვით რეჟიმს და სისტემას. მერაბმა მასწავლა, რომ უნდა გვიყვარდეს შემცდარი ადამიანები და ბოლომდე არავინ უნდა გაწირო.

თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი? - ჩემი სისუსტეა პატიება. არ მინდა, რომ ვინმეს არ ველაპარაკებოდე, თუმცა ხშირად მავიწყდება წყენა, და ეს არ არის კარგი. თუ ადამიანი იმსახურებს რომ უნდა დაკარგო, ის უნდა დაკარგო.

თუ ღმერთს შეხვდებოდით რას ჰკითხავდით? - რატომ წაიყვანა ჩემი ძმა ჩემამდე?

წინა რესპონდენტმა ლექს-სენმა დაგიტოვათ კითხვა: ადამიანისთვის რა არის უპირატესი, პირადი მიზნები და კეთილდღეობა თუ სამშობლო? - სამშობლო განყენებული მცნება არ არის. სამშობლო, მხოლოდ მიწა, ბუჩქები და ხეები არ არის. სამშობლო არის შენი მეგობარი, შენი ოჯახი, კონკრეტული ადამიანები, შენი ცხოვრება, თუნდაც შენი პირადი და რა თქმა უნდა, პირადი და სამშობლო ერთია. როდესაც ამბობენ რომ შენ შენს ცხოვრებაზე არ უნდა იფიქრო - ეს არის ურაპოტრიოტიზმი. აბა რაზე უნდა ვიფიქრო, თუ ჩემ თავზე, ჩემ მეგობრებსა და ადამიანებზე არ ვიზრუნე, ისე სამშობლოზე როგორ ვიფიქრო. სამშობლო ჩემთვის კომპლექსური მცნებაა.

თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს? - ამ ინტერვიუში ყველაზე მეტად რომელი კითხვა მოგეწონა?


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მოვეხვევი მუხლებზე და ვეტყვი...“ - ბლიცინტერვიუ ენძელა მაჭავარიანთან

🔵სკანდალური ჭორები, აბეზარი შეკითხვები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს... - ბლიც-ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

🔵თუ წვიმს, ვამბობ, აი, რა კარგი ორკესტრია - ბლიც-ინტერვიუ