Digest Logo

„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე

1643693559
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე

„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და შემდეგში კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, კორონას შემდგომი ვარიანტები უფრო მსუბუქი იქნება. 

საზოგადოების კითხვას თუ როდის დასრულდება პანდემია, აბათილებს თუ არა ვაქცინას კორონავირუსი და წარმოიქმნება თუ არა ახალი მუტაციები? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ბატონი გიორგის {ფხაკაძე} გამონათქვამებზე კომენტარს ნუ მთხოვთ თუ შეიძლება. კოვიდის დროს ვაქცინა არ ბათილდება, პირიქით იმუნიტეტი მატულობს.

კორონავირუსი არის რნმ ვირუსი. რნმ ვირუსებში ძალიან ბევრი მუტაცია ხდება. ვირუსს არ აწყობს, რომ ჩვენ მოგვკლას, მას გამრავლებისთვის ორგანიზმი სჭირდება. მუტაციები სულ მოხდება. წესით და რიგით უნდა ველოდოთ, რომ კორონას შემდგომი ვარიანტები უფრო მსუბუქი იქნება. მიმაჩნია, რომ 2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და შემდეგში კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა.

„ომიკრონით“ რეინფიცირება საქართველოში არ დადასტურებულა. თვითონ „ომიკრონის“ შემდგომ რეინფიცირება, სადაც ადრე გავრცელდა, იქ „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევები აღწერილია. დელტა მეორედაც შესაძლებელია, თუმცა იშვიათად. „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ ადამიანები ერთ თვეში, შესაძლოა, მისი ქვევარიანტით დაინფიცირდნენ, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძის თქმით, აცრა სავალდებულოა, რათა ადამიანების სიცოცხლე გადარჩეს.

მისი თქმით, მწვანე პასპორტის გაუქმება ჯერჯერობით საქართველოში არ განიხილება.

„მწვანე პასპორტების გაუქმებას ამ ეტაპზე არ ვემხრობი. მისი გაუქმება მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია და „ომიკრონის“ ტალღამ გადაიარა. აცრის შემდეგ ბევრი ადამიანი არ მოკვდება. გარდაცვლილთა შორის აცრილებიც არიან, თუმცა 97% აუცრელია. თუ არ გინდათ მოკვდეთ, უნდა აიცრათ“, - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.