Digest Logo

„გარდაქმნა ყოველთვის დანაკარგს არ ნიშნავს“ - მორიელის ახალმთვარეობა და ტრანსფორმაციის ციკლი: ნინა ხომერიკის პროგნოზი და რეკომენდაციები

1794227421
 ნინა ხომერიკი

2026 წლის 9 ნოემბერს, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, მნიშვნელოვანი ახალმთვარეობაა მოსალოდნელი, რომელიც, ასტროლოგ ნინა ხომერიკის შეფასებით, შინაგანი გარდაქმნის, დაფარული სიმართლის გამოვლენისა და ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დასაწყისს უკავშირდება.

ეს პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ემოციურ ურთიერთობებზე, ფინანსურ ვალდებულებებსა და პიროვნულ ტრანსფორმაციაზე, რასაც თან ახლავს რეტროგრადული მერკურისა და ვენერას გავლენა წარსულის გადაფასების კონტექსტში, თუმცა 13-14 ნოემბრიდან, პლანეტების პირდაპირ მოძრაობაზე გადასვლასთან ერთად, მოსალოდნელია სიტუაციის ეტაპობრივი გარკვევა:

„9 ნოემბრის ახალმთვარეობა მორიელში, ეს არის გარდაქმნის, დაფარული სიმართლისა და ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დასაწყისი, როდესაც ძველი ფორმით ცხოვრება აღარ გვაკმაყოფილებს, იწყება შინაგანი გარდაქმნის პროცესი.

2026 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს დროით 11:02 საათზე, მორიელის ზოდიაქოს ნიშნის მე-17 გრ-ზე დადგება ახალმთვარეობა. ამ დროს მზე და მთვარე ზუსტად ერთ გრადუსზე შეერთდებიან და დაიწყება ახალი მთვარის ციკლი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ემოციურ ურთიერთობებზე, ფინანსურ ვალდებულებებზე, ძალაუფლებაზე, ნდობაზე, წარსულის გავლენასა და პიროვნულ გარდაქმნაზე.

მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, ინტუიციური და ფსიქოლოგიურად რთული ნიშანია. ის დაკავშირებულია არა ზედაპირულ ცვლილებებთან, არამედ ისეთ პროცესებთან, რომლებიც ადამიანის შინაგან სამყაროს, დამოკიდებულებებსა და ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს ცვლის. ამ ახალმთვარეობის მთავარი იდეა იმის გარდაქმნაა, რასაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვებღაუჭებით და რაც აფერხებს ჩვენს განვითარებას.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ახალმთვარეობა ემთხვევა მერკურისა და ვენერას რეტროგრადული მოძრაობის დასასრულისკენ მიმავალ პერიოდს, ამიტომ ახალი ციკლის დაწყება მჭიდროდ უკავშირდება ძველი საკითხების გადახედვას, წარსულში დაშვებული შეცდომების გააზრებას და ურთიერთობებსა თუ ფინანსებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომზადებას.

ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებულია იმიტომ, რომ მორიელის ნიშნის ორივე მმართველი მარსი და პლუტონი განიხილება, ამიტომ მიმდინარე ახალმთვარეობა ერთდროულად ააქტიურებს ორ მნიშვნელოვან თემას: მარსის მოქმედების, ბრძოლისა და საკუთარი ინტერესების დაცვის ენერგიას და პლუტონი გარდაქმნის, კონტროლისა და ძალაუფლების სიმბოლიკას. მორიელი დაკავშირებულია ცხოვრების იმ სფეროებთან, რომლებზეც ხშირად ღიად საუბარი გვიჭირს: შიში, ეჭვიანობა, ღალატი, დაუცველობა, ფინანსური დამოკიდებულება, ემოციური მიჯაჭვულობა, საიდუმლოებები და დაკარგვის შიში. ამ პერიოდში შეიძლება განსაკუთრებით აქტუალური გახდეს ისეთი კითხვები, როგორიცაა:

• ვის ვენდობით სინამდვილეში და რამდენად გამართლებულია ეს ნდობა;

• რომელი ურთიერთობა გვაძლიერებს და რომელი გვაცლის ენერგიას;

• სად ვცდილობთ ყველაფრის გაკონტროლებას იმის გამო, რომ ცვლილების გვეშინია;

• რომელი ფინანსური ვალდებულება ან დამოკიდებულება ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას;

• რის დასრულებას ვეწინააღმდეგებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება უკვე მომწიფებულია.

9 ნოემბრის ახალმთვარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო გულწრფელად შევხედოთ იმას, რასაც საკუთარ თავსაც კი ვუმალავდით. ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ემოციები, მაგრამ მისი მთავარი მიზანი არა განადგურება, არამედ განახლებაა.

ახალმთვარეობის დროს რეტროგრადული მერკური მორიელის მე-7 გრ-ში, ხოლო მზე და მთვარე მე-17-ე გრ-ში იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე მნათობი და პლანეტა ერთ ნიშანში იმყოფება, თუმცა მერკური ახალმთვარეობასთან ზუსტ შეერთებას არ შექმნის, მათ შორის 10-გრადუსიანი დაშორება იქნება.

მერკურის რეტროგრადულობა ამ ახალმთვარეობას წარსულის გადაფასების თემას შემატებს.

შესაძლოა, კვლავ აქტუალური გახდეს წარსულში დაუსრულებელი და პასუხგაუცემელი საკითხები:

გაუგებრობები ურთიერთობაში, შეუსრულებელი დანაპირები, ძველი ფინანსური დავალიანება, გადადებული მოლაპარაკება ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც ადრე სათანადო ყურადღება არ მიაქციეთ.

მორიელში მერკური სიმბოლურად დაკავშირებულია ღრმა ანალიზთან, გამოძიებასთან, ფარული მოტივების ამოცნობასთან და მოვლენების არსში ჩაწვდომასთან. ის წარსულის დაბრუნებას და დაფარული ინფორმაციის გამოვლენას გულისხმობს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 9–13 ნოემბრის პერიოდი.

13 ნოემბერს მერკური პირდაპირ მოძრაობას უბრუნდება, რის შემდეგაც უფრო ხელსაყრელი იქნება ადრე გადაუწყვეტელი საკითხების ეტაპობრივი გარკვევა, თუმცა ამ დღეებში საჭიროა სიფრთხილე: რადგან ეჭვი ყოველთვის არ ნიშნავს სიმართლეს და ინტუიციური შეგრძნება, ყოველთვის არ არის ფაქტი.

სასურველია ყველა დეტალის გადამოწმება, ფინანსურ ხელშეკრულებებზე, სესხებზე, გადასახადებზე, საბუთებზე ან მნიშვნელოვან შეთანხმებებზე მუშაობისას. ამ ახალმთვარეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა რეტროგრადული ვენერა სასწორის 23-ე გრ-ზე. ვენერა ურთიერთობების, სიყვარულის, პარტნიორობის, ღირებულებებისა და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოა.

სასწორში მისი რეტროგრადულობა განსაკუთრებით უსვამს ხაზს წონასწორობის თემას: რამდენად თანაბარია ურთიერთობაში პასუხისმგებლობები, ემოციური ინვესტიცია და ურთიერთპატივისცემა. მისი რეტროგრადულობა ურთიერთობების გადაფასებას და ძველი გრძნობების დაბრუნებას უკავშირდება, რაც მორიელის ახალმთვარეობასთან ერთად ქმნის საინტერესო კონტრასტს. მორიელს სურს სიღრმე, ძლიერი ემოციური კავშირი და აბსოლუტური ნდობა, ხოლო სასწორის ვენერა ურთიერთობაში ჰარმონიის, სამართლიანობისა და თანასწორობის აღდგენას ცდილობს, ამიტომ შესაძლოა განსაკუთრებით აქტუალური გახდეს ძველი ურთიერთობების გადაფასება, წარსული პარტნიორის გამოჩენა, ადრე დამალული წყენის განხილვა ან ისეთი გადაწყვეტილების მომზადება, რომელიც პირად ცხოვრებაში ახალ ეტაპს გახსნის, მაგრამ წარსული ადამიანის დაბრუნება ყოველთვის ურთიერთობის აღდგენას არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს არის შესაძლებლობა, საბოლოოდ გავაცნობიეროთ, რატომ ვერ განვითარდა კონკრეტული ურთიერთობა და რა უნდა შევცვალოთ მომავალში.

ვენერა 14 ნოემბრის დილას გახდება დირექტიული და ამ გარდამავალ დღეებში ურთიერთობებსა და ფინანსებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას აჩქარება ნაკლებად სასურველია. ამ ახალმთვარეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა მარსისა და იუპიტერის არა ზუსტი შეერთება ლომის ნიშანში, ისინი ერთმანეთთან დაახლოებით 2,5 გრ-იანი ორბისით შექმნიან შეერთებას, ხოლო ახალმთვარეობასთან კვადრატულ ასპექტში დადგებიან.

ეს კომბინაცია ზრდის ამბიციებს, დაპირისპირებას, მოქმედების სურვილს, კონკურენციას, თვითდამკვიდრების მოთხოვნილებასა და საკუთარი პოზიციების დაცვის იმპულსს. მარსი ლომში ცდილობს გამარჯვებას, აღიარებასა და ლიდერობას. იუპიტერი კი ყველაფერს აძლევს მასშტაბს, აფართოებს და ზრდის, როგორც შესაძლებლობებს, ისე გადაჭარბების რისკს და მორიელის ახალმთვარეობა ამ ენერგიას კიდევ უფრო ემოციურს გახდის.

შესაბამისად, შეიძლება გაძლიერდეს სურვილი, დაუყოვნებლივ მივიღოთ გადაწყვეტილება, გავარკვიოთ ურთიერთობა, შევცვალოთ სამუშაო გარემო ან საბოლოოდ დავასრულოთ ისეთი საკითხი, რომელიც დიდი ხანია გვაწუხებს. ეს პერიოდი შეიძლება ნაყოფიერი იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არიან, საკუთარ ცხოვრებაში გამოიჩინონ ინიციატივა, შეცვალონ მოძველებული სამუშაო მეთოდები, დაიცვან საკუთარი ინტერესები ან დაიწყონ რთული საკითხების მოგვარება.

არ არის რეკომენდებული:

ყველაზე დიდი რისკია გადაჭარბებული თავდაჯერება, ემოციური ულტიმატუმები, დაუფიქრებელი ხარჯები და ძალაუფლებისთვის ბრძოლა. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება სიტუაციებს, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ორი ძლიერი ადამიანის ინტერესები. ამ ახალმთვარეობის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილია იმის გაცნობიერება, რომ ძალა ყოველთვის გამარჯვებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი გადაწყვეტილება სწორედ კონფლიქტში არ ჩართვაა.

ფინანსები: ვალები, სესხები, ინვესტიციები და საერთო რესურსები.

მორიელი მე-8-ე სახლის მმართველია, რაც საერთო ფინანსებს, სესხებს, კრედიტებს, გადასახადებს, მემკვიდრეობას, დაზღვევას, პარტნიორის შემოსავალსა და ფინანსურ დამოკიდებულებებს უკავშირდება, ამიტომ 9 ნოემბრის ახალმთვარეობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მატერიალური რესურსების გადაფასებაა. შესაძლოა გააქტიურდეს ადრე დაწყებული მოლაპარაკება ფინანსურ საკითხზე, ვალის დაბრუნების თემა, პარტნიორებს შორის თანხის განაწილება ან საერთო ფინანსური პასუხისმგებლობის ხელახალი განსაზღვრა.

მერკურისა და ვენერას რეტროგრადულობა გვთავაზობს ძველი ფინანსური მოდელის გადახედვას, მანამ, სანამ სრულიად ახალ ვალდებულებას ავიღებთ. განსაკუთრებით საყურადღებოა სწრაფი მოგების დაპირებები, სარისკო ინვესტიციები, დაუფიქრებელი სესხები და ემოციურ ფონზე გაკეთებული დიდი შენაძენები.

9–14 ნოემბერი უფრო მეტად გადახედვისა და ფინანსური სტრატეგიის მომზადების პერიოდად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამავდროულად, სწორედ ამ დღეებში შეიძლება გამოიკვეთოს ადრე შეუმჩნეველი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც მოგვიანებით უფრო გააზრებულად იქნება შესაძლებელი.

სიყვარული და პირადი ურთიერთობები:

მორიელის ახალმთვარეობა ხშირად ასოცირდება ემოციურ სიმძაფრესთან, ვნებასთან, ერთგულებასთან და ურთიერთობების ფსიქოლოგიურ სიღრმესთან.

ამჯერად რეტროგრადული ვენერა და მერკური ამ თემებს წარსულთან აკავშირებენ. მათთვის, ვინც ურთიერთობაშია, შესაძლოა აქტუალური გახდეს ნდობა, ეჭვიანობა, ემოციური დისტანცია, ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხოვნილებები ან საერთო ფინანსური ვალდებულებები.

ზოგიერთ ურთიერთობაში შეიძლება გაჩნდეს სურვილი, ყველაფერი თავიდან დაიწყოს, მაგრამ უკვე ახალი პირობებით. სხვა შემთხვევაში კი ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ძველი ფორმით ურთიერთობის გაგრძელება აღარ სურს.

მარტოხელა ადამიანებისთვის ახალმთვარეობა ხელს უწყობს საკუთარი ემოციური მოთხოვნილებების გააზრებას. შესაძლოა გააქტიურდეს წარსულთან დაკავშირებული მოგონებები ან კონტაქტები, თუმცა ეს ყველა ადამიანისთვის კონკრეტული პირის დაბრუნებას არ ნიშნავს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი საკითხი: მორიელის ენერგიას სურს სრული სიახლოვე, მაგრამ ნამდვილი სიახლოვე კონტროლით არ იქმნება. ჯანსაღ ურთიერთობას სჭირდება არა მხოლოდ ძლიერი გრძნობა, არამედ თავისუფლება, პატივისცემა და უსაფრთხოების განცდა.

ახალმთვარეობის დადებითი შესაძლებლობები:

მიუხედავად იმისა, რომ ახალმთვარეობის საერთო ფონი საკმაოდ დაძაბული და ემოციურად დატვირთულია, 9–10 ნოემბერს აქტიურდება ვენერასა და მარსის ჰარმონიული სექსტილიც.

ვენერა სასწორში, მარსი კი ლომში იდგება და ეს ასპექტი ხელს შეუწყობს თანამშრომლობას, შემოქმედებით აქტიურობას, მიმზიდველობას და ადამიანებს შორის საერთო ინტერესების აღმოჩენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალმთვარეობის კვადრატული ასპექტებით წარმოქმნილ დაძაბულობას შედარებით კონსტრუქციული მიმართულება მისცემს, მაგალითად: ურთიერთობაში არსებული დაპირისპირება შეიძლება გულწრფელ დიალოგად გადაიქცეს; საქმიან სფეროში კონკურენციამ შეიძლება ახალი იდეის განვითარებას შეუწყოს ხელი, ხოლო ფინანსური პრობლემის გააზრებამ, უფრო ეფექტიანი გეგმა შექმნას.

ვენერასა და იუპიტერის სექსტილიც ამ პერიოდის ნაწილია, რაც თანამშრომლობისა და მხარდაჭერის პოტენციალს აღვივებს. პლუტონი მერწყულში. ახალმთვარეობის კიდევ ერთი მმართველი პლანეტა პლუტონი, მერწყულის მე 4-ე გრ-ში დგას. ის ამჯერად ახალმთვარეობასთან ზუსტ კვადრატს არ შექმნის, თუმცა მისი მდებარეობა მნიშვნელოვანია უფრო ფართო, ხანგრძლივი პროცესების გასაგებად.

პლუტონი მერწყულში დაკავშირებულია საზოგადოებრივი სისტემების გარდაქმნის, ტექნოლოგიური ცვლილებების, კოლექტიური ძალაუფლებისა და თავისუფლების თემებთან. მორიელის ახალმთვარეობასთან ერთად ეს აერთიანებს ორ განსხვავებულ პროცესს: პიროვნულ გარდაქმნას და იმ გარემოს ცვლილებას, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ მთავარი კითხვა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ის, თუ რა გვინდა შევცვალოთ საკუთარ ცხოვრებაში, არამედ ისიც, რამდენად შეესაბამება ჩვენი ძველი დამოკიდებულებები ახალ რეალობას.

ყველაზე მძაფრად ეს ახალმთვარეობა აისახება მათზე, ვისაც პირად ასტროლოგიურ რუკებში, მნიშვნელოვანი პლანეტები ან კუთხეები, ფიქსირებული ნიშნების დაახლოებით 13-დან –21 გრ-მდე შუალედში აქვს.

ახალმთვარეობა განსაკუთრებულ გავლებას იქონიებს შემდეგ ნიშნებზე:

♏️ მორიელი - ეს ახალი პიროვნული ეტაპის დასაწყისია. მოხდება თვითშეფასების, ცხოვრების მიმართულების, საკუთარი სურვილებისა და ურთიერთობების გადაფასება. განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება გახდეს გადაწყვეტილება, რომელიც მომავალ თვეებში ცხოვრების წესს შეუცვლით.

♌️ ლომი - ამბიციების გამოვლენისა და პასუხისმგებლობის ზრდის პერიოდია. მოსალოდნელია სამუშაოს, პირადი ინტერესების, ოჯახის ან პარტნიორული ურთიერთობების დაპირისპირება. საჭიროა ემოციური რეაქციების მართვა და დაუფიქრებელი ნაბიჯების თავიდან აცილება.

♉️ კურო - საჭიროა ბალანსის დაცვა პარტნიორობასა და ფინანსებში. აუცილებელია ურთიერთობებში არსებული უთანასწორობის, საერთო რესურსებისა და პასუხისმგებლობების გადახედვა. შესაძლოა დადგეს მნიშვნელოვანი შეთანხმების განახლების საკითხი.

♒️ მერწყული - მნიშვნელოვანი ხდება პროფესიული და პირადი პრიორიტეტები, ასევე კონტროლის, დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის საკითხები. შესაძლოა გააქტიურდეს ცვლილებების საჭიროება კარიერაში ან პირადი ცხოვრების ორგანიზებაში.

♋️ კირჩხიბი

♓️ თევზები - შემოქმედებითი და ემოციური განახლების პერიოდია. წყლის ნიშნებისთვის ახალმთვარეობა ტრინული ენერგიის სიმბოლიკას ატარებს, რაც შეიძლება გამოიხატოს შინაგანი გარკვევის, შემოქმედებითი აქტიურობისა და ურთიერთობებში მეტი სიღრმის ძიებით.

დანარჩენი ნიშნებისთვისაც ახალმთვარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი კონკრეტული გავლენა დამოკიდებულია იმაზე, ნატალური რუკის რომელ სახლში ხვდება მორიელის მე-17-ე გრადუსი და რომელ პლანეტებთან ქმნის ასპექტებს.

9-დან 24 ნოემბრამდე მნიშვნელოვანი თარიღები: 7–8 ნოემბერი - ეს არის ძველი მთვარის ციკლის დასასრული. კარგი პერიოდია დაუმთავრებელი საკითხების გააზრებისთვის, დასვენებისა და პრიორიტეტების გადახედვისთვის.

9 ნოემბერი საქართველოს დროით 11:02 - ახალმთვარეობის ზუსტი დრო. ახალი განზრახვების ფორმირების და შინაგანი გადაწყვეტილებების მიღების საწყისია.

9–10 ნოემბერი - ვენერასა და მარსის სექსტილი. ურთიერთობებში დიალოგის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი ინიციატივებისთვის შედარებით კონსტრუქციული პერიოდია.

13–14 ნოემბერი - მერკურისა და ვენერას პირდაპირ მოძრაობაზე გადასვლა. ძველი საკითხების გარკვევისა და გადაწყვეტილებების ეტაპობრივი ჩამოყალიბების გარდამავალი ეტაპია.

17 ნოემბერი - მთვარის პირველი მეოთხედი მერწყულში. ახალმთვარეობაზე დასახული მიზნების პრაქტიკაში გადატანისა და წინააღმდეგობების გადალახვის ეტაპია.

24 ნოემბერი საქართველოს დროით 18:53 მოხდება სავსემთვარეობა ტყუპებში, რაც ახალი მთვარის ციკლის კულმინაციის წერტილია, როდესაც ზოგიერთი თემა უფრო ნათლად გამოიკვეთება და შედეგების შეფასება გახდება შესაძლებელი.

რა არის რეკომენდებული ახალმთვარეობის პერიოდში:

9 ნოემბრის ახალმთვარეობა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს ძველი პრობლემის მოგვარება და ცხოვრებაში რეალური ცვლილების დაწყება.

სასურველია ყურადღება გამახვილდეს ფინანსური ვალდებულებების მოწესრიგებაზე, ემოციური საზღვრების განსაზღვრაზე, არაჯანსაღი დამოკიდებულებების გააზრებაზე და იმ ურთიერთობების შეფასებაზე, რომლებიც დიდი ხანია შინაგან დაძაბულობას იწვევს.

მორიელის სიმბოლიკა გვახსენებს, რომ გარდაქმნა ყოველთვის გარეგანი ცვლილებით არ იწყება. ზოგჯერ ყველაფერი იწყება ერთი გადაწყვეტილებით, აღარ გავიმეოროთ ძველი შეცდომა.

ამ პერიოდში ნაკლებად სასურველია ემოციურ ფონზე ურთიერთობის გაწყვეტა, შურისძიება, ფინანსური რისკის დაუფიქრებლად აღება ან სხვა ადამიანის გადაწყვეტილებებზე კონტროლის დამყარების მცდელობა. ამ პერიოდის საუკეთესო გამოყენება იქნება, არა მოვლენების დაჩქარება, არამედ იმ საფუძვლის მომზადება, რომელზედაც მომდევნო კვირებსა და თვეებში ახალი ეტაპი აშენდება.

ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებულად საინტერესოა იმიტომ, რომ ერთდროულად აერთიანებს სამ ძირითად ასტროლოგიურ თემას:

მორიელის გარდაქმნის სურვილს, რეტროგრადული მერკურისა და ვენერას წარსულის გადაფასებას და ლომში მარსისა და იუპიტერის მოქმედების ძლიერ იმპულსს, ამიტომ მისი მთავარი გზავნილი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ახალი ეტაპი იწყება მაშინ, როდესაც ძველი გამოცდილებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ.

ეს არის პერიოდი, როდესაც საჭიროა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ნამდვილი სურვილები და შიშით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები, სიყვარული და ემოციური დამოკიდებულება, ფინანსური შესაძლებლობა და დაუფიქრებელი რისკი.

მორიელი გვასწავლის, რომ ზოგჯერ ცვლილებისთვის საჭიროა არა რაიმე ახლის დამატება, არამედ იმის დათმობა, რაც უკვე ამოწურულია და სწორედ ამიტომ 9 ნოემბრის ახალმთვარეობის მთავარი გზავნილია: „გარდაქმნა დანაკარგს ყოველთვის არ ნიშნავს. ზოგჯერ ის საკუთარ ძალასთან, თავისუფლებასთან და ნამდვილ სურვილებთან დაბრუნებას გულისხმობს“, - წერს ნინა ხომერიკი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სურვილების ასრულების პერიოდი აქვთ“ - თაკო მელიქიშვილი ზოდიაქოს 3 ფავორიტ ნიშანს ასახელებს

🎥 „ჩემ თვალწინ მამა გაბრიელი იდგა...“ - მინიშნება და მთავარი როლი: „სახალხო ინტერვიუ“ მსახიობთან, რომელმაც ბერი გაბრიელის როლი ითამაშა

⭕ მერკური და ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას დაასრულებენ - 9-15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

✕