„მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა და ჯერ ვერ გავიდა სამიზნე მასშტაბებზე - რაც დაგვიანდა - დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული და საქართველოში პანდემია დაძლეული იქნება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც უფრო ფართო მასშტაბის იქნება, მით უფრო ჩქარა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას:
„პანდემიის დასრულებისთვის მარტო ვაქცინაცია არ იქნება საკმარისი, ვაქცინაცია, პლუს ეფექტური ანტივირუსული მედიკამენტი უნდა შეიქმნას. ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც უფრო ფართო მასშტაბის იქნება, მით უფრო ჩქარა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიტეხონ გული იმის გამო, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანდა და ჯერ ვერ გავიდა სამიზნე მასშტაბებზე, დღეში 5-6 ათასი კაცი იცრება, როდესაც 14-15 ათასი უნდა იცრებოდეს. ეს შეფერხება და დაგვიანება უახლოვდება ფინიშს.
ივლისის პირველივე კვირიდან საქართველოში უწყვეტი ნაკადების სახით დაიწყებს შემოდინებას ვაქცინების დიდი რაოდენობა. არათუ ასეთი შეფერხება არ იქნება, არამედ იქნება მასობრივი ვაქცინაცია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამისთვის ქვეყანა კარგად ემზადება, ვაქცინაციის 200-ზე მეტი პუნქტი უკვე არის და როგორც ვიცი, გაორმაგდება. ჩვენთან ვაქცინაცია გვიან, მაგრამ ძალიან კარგად, სრულყოფილად წავა, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით მოვახსენო მოსახლეობას, რაც დაგვიანდა-დაგვიანდა, წლის ბოლოსთვის სამიზნეზე გავალთ, მოსახლეობის 65% გვეყოლება ვაქცინირებული, წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული“, - აღნიშნავს ცერცვაძე.
მან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეფერხებით მოწოდებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები რამდენიმე დღეში ჩამოვა საქართველოში. მისი ვარაუდით, „ასტრაზენეკით“ აცრის შეფერხება დაახლოებით, 100-120 ადამიანს შეექმნა:
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით გაკეთებაში შეფერხება გამოიწვია ტექნიკურმა ფაქტორმა, ვაქცინა შეძენილია, მისი ტრანსპორტირება სამი დღის წინ უნდა მომხდარიყო, შესაბამისად, ყველაფერი გათვლილი იყო, რომ გეგმის მიხედვით წარიმართებოდა.
რამდენადაც ვიცი, გადაზიდვის პრობლემა იყო. ის პარტია, რომელიც უნდა ჩამოსულიყო, ვერ აღმოჩნდა თვითმფრინავის რეისზე. ამან გამოიწვია იმ რამდენიმე ათეული, თუ ასამდე პაციენტის შეფერხება, რომელიც უნდა აცრილიყო „ასტრაზენეკით“. რამდენადაც ვიცი, რამდენიმე დღეში ჩამოვა ეს პარტია, საკმაოდ დიდი პარტიაა, 43 ათასი დოზაა, პრობლემა არ იქნება“, - ამბობს ინფექციონისტი.
ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ დაახლოებით, 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა. მისივე თქმით, ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება.