13 ნოემბერი - პარასკევი, ლილიტის მახე
13 ნოემბერი ასტროლოგიურად საკმაოდ დაძაბული და მნიშვნელოვანი დღეა. მთვარე მთელი დღის განმავლობაში თხის რქის ნიშანში იმოძრავებს და ლილიტთან შეერთებას შექმნის.
ეს კონფიგურაცია აძლიერებს კონტროლის, ძალაუფლების, ამბიციურობისა და პასუხისმგებლობის თემებს, თუმცა შესაძლოა მათი დამახინჯებული გამოვლინებებიც გამოიწვიოს. მომთხოვნელობა შეიძლება გადაჭარბებულ სიმკაცრედ იქცეს, წესრიგის სურვილი - ყველაფრის გაკონტროლების მოთხოვნილებად, მიზნის მიღწევის ამბიცია კი - მზადყოფნად, სასურველს ნებისმიერი საშუალებით მივაღწიოთ.
დღის პირველ ნახევარში მთვარისა და ლილიტის შეერთება დაძაბულ ასპექტში იქნება რეტროგრადულ ნეპტუნთან. ეს კომბინაცია ზრდის ილუზიების, შეცდომაში შეყვანის, მანიპულაციებისა და არასწორი შეფასებების ალბათობას. შესაძლოა გაგვიჭირდეს სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა, განსაკუთრებით ემოციურად დატვირთულ სიტუაციებში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მერკური დირექტულ მოძრაობას იწყებს, ამიტომ აზროვნებისა და ინფორმაციის გააზრების პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში, ურთიერთობებსა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.
დღის მეორე ნახევარში ნეპტუნის დაძაბული გავლენა თანდათან შესუსტდება, თუმცა გააქტიურდება მთვარისა და ლილიტის ურთიერთქმედება სატურნთან. თუ ლილიტი საზღვრების დარღვევისა და აკრძალულისკენ გვიბიძგებს, სატურნი პასუხისმგებლობასა და შედეგებზე მიგვანიშნებს. შესაძლოა გამოვლინდეს შეფერხებები, შეზღუდვები, დამატებითი ვალდებულებები ან ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების აუცილებლობა. დღის მთავარი გამოწვევა იქნება ცდუნებაზე უარის თქმა და მიზნის მიღწევა პატიოსანი, თანმიმდევრული გზით.
მთლიანობაში, 13 ნოემბერი ერთგვარი გამოცდაა ჩვენი შინაგანი სიმწიფის, პრინციპულობისა და თვითკონტროლის შესამოწმებლად.
ლილიტის მთავარი მახე ის არის, რომ არასწორი საქციელი შეიძლება გამართლებულ და აუცილებელ ნაბიჯადაც კი წარმოგვიდგინოს.
ამიტომ მნიშვნელოვანია, არ დავთმოთ ზნეობრივი საზღვრები და არ მივცეთ საკუთარ შიშებს, ამბიციებსა თუ ცდუნებებს ჩვენი გადაწყვეტილებების მართვის უფლება.
შუა დღიდან მოქმედებს მეხუთე მთვარის დღე. ეს პერიოდი განზრახვების სიწმინდეს, გულწრფელობასა და საკუთარი სულის წინაშე პატიოსნებას უკავშირდება. მეხუთე მთვარის დღე ახალი მთვარის თვის ენერგიის ათვისების ეტაპადაც მიიჩნევა. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რით ვავსებთ საკუთარ ცნობიერებას, სხეულსა და ემოციურ სივრცეს.
დღეს მიღებული ინფორმაცია, განცდები, ურთიერთობები და საკვებიც კი შესაძლოა ჩვეულებრივზე მეტად აისახოს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე. შფოთვა, კონფლიქტები და ნეგატიური გარემო ემოციურ და ენერგეტიკულ გამოფიტვას უწყობს ხელს, ხოლო სიმშვიდე, შემოქმედება, ბუნებასთან სიახლოვე, მუსიკა და გულწრფელი ურთიერთობები აღდგენასა და შინაგან ჰარმონიზაციას განაპირობებს.
მეხუთე მთვარის დღე ხელსაყრელია საკუთარ მიზნებზე დაფიქრებისთვის, შინაგანი განწყობის მოწესრიგებისა და იმ განზრახვების გასაძლიერებლად, რომლებიც მიმდინარე მთვარის თვის განმავლობაში დავისახეთ.
დღის გზავნილი: ყურადღებით შეარჩიეთ, რას უშვებთ საკუთარ შინაგან სამყაროში. ნუ მისცემთ ილუზიებსა და ცდუნებებს თქვენი არჩევანის განსაზღვრის საშუალებას. ჭეშმარიტი ძალა საკუთარ თავზე გამარჯვებასა და შინაგანი პრინციპების ერთგულებაშია.
საინტერესო და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას!
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„ზედმეტი აურზაურისგან თავი შეიკავე...“ - 13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი