ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გამოჯანმრთელებულ ადამიანებს სისხლის პლაზმის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, ეს ინოვაციური მეთოდია, რომელმაც საქართველოში 6 პაციენტი უკვე გადაარჩინა.
„დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა კორონავირუსით ინფიცირებულებზე. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფებთან, რომლებიც შესაძლოა, ვერ გადარჩენილიყვნენ და ყველა მათგანი გადარჩა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციონისტის თქმით, მათ დონორები არ ჰყავთ, რადგან არავინ მიდის.
„დონორები არ გვყავს. არ მოდიან. მინდა, მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ქვეყანაში COVID 19-ის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.