საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მისი თქმით ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა.
„ქვეყანაში არის უმძიმესი ეპიდვითარება, ტრანსპორტი კი არა, პირველ ივლისს ქვეყანა ჩასაკეტი იყო. ეს ახლა, რაც ხდება, არის მოჩვენებითი ჩაკეტვა. ვხედავთ, რომ შედეგი არ მოგვიტანა დროებითმა ჩაკეტვამ, დრამატული სურათი არ შეიცვალა. სიკვდილიანობა არის მაღალი, შესაბამისად ეს შეზღუდვები არაეფექტიანია.
მიზეზი არის მარტივი, წინასაარჩევნო პერიოდია, მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც უნდა მიიღოს. პრაქტიკულად, პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებებს იღებს და აქედან გამომდინარე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. გამოსავალი არის ერთადერთი - ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, ვირუსი უნდა ჩაწყნარდეს და შემდეგ ნელ-ნელა გაიხსნას. ჩვენ მივდივართ ჯოგური იმუნიტეტით. კანდელაკის მოსაზრებას უფრო უჯერებენ, ვიდრე ჯანმოს“, - განაცხადა ფხაკაძემ.
ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ნოემბერსა და დეკემბერში კორონავირუსი ჩაცხრება, თუმცა, მისივე თქმით, იანვარში მოსალოდნელია კორონავირუსის მეხუთე ტალღა.
„15 ივნისს ვთქვი, რომ იქნებოდა მეოთხე ტალღა და ამისთვის მომზადებული უნდა ვყოფილიყავით. ასევე, ვიძახდი, 2021-2022 სასწავლო წელი კარგად უნდა დაგვეგეგმა. იანვარში იქნება მეხუთე ტალღა. არ შეიძლება სულ გავიხსნათ. ვიცით, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში ვირუსი ჩაცხრება და გვექნება საკმაოდ წყნარი ნოემბერ-დეკემბერი. არასწორია, როდესაც ერთი დღით ადრე გვეუბნებიან - სკოლები იხსნება და ერთი დღით ადრე იკეტება, ეს არის სტრესის გამომწვევი“, - განმარტა ჯანდაცვის ექსპერტმა.
გიორგი ფხაკაძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლებში ჯგუფები მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ და სასწავლო პროცესი ისე დაგეგმონ, რომ მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში განათლების მიღება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე
🔵როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კლინიკაში გადაყვანა გჭირდებათ - რჩევები ღოღობერიძისგან