ფოთში საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთანი 48 წლის ირმა თოფურია, კორონავირუსით გარდაიცვალა. მას COVID-19 მეორეჯერ, 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა.
სასწრაფოს ხელმძღვანელის კესო გელენიძეს განცხადებით, ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
„ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად დამძიმდა. მერე გადავიყვანეთ თბილისში ლევან რატიანთან, სადაც დღემდე 10 დღე მკურნალობდა. სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა, კესო გელენიძემ.