Digest Logo

ქვეყანამ შეძლო, კორონავირუსის შემოტევის ყველაზე ძლიერ ტალღას გამკლავებოდა - იმნაძე

1609426804
იმნაძე პაატა

„დღეს ვხედავთ რომ მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ქვეყანამ შეძლო გამკლავებოდა კორონავირუსის შემოტევის ყველაზე ძლიერ ტალღას,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,, პაატა იმნაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო ყველაზე მაღალი ავადობის მაჩვენებლებს მსოფლიოში, რამაც ბევრი განვითარებული ქვეყნის სამედიცინო სისტემები კოლაფსის წინაშე დააყენა.

„ჩვენ გავუძელით. იყო ხარვეზები, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზებიც, მაგრამ რეალურად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო. ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, სამწუხაროდ პანდემიამ შეიწირა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან მოსახლეობას რეკომენდაციის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„იმ შეზღუდვებმა, რომელიც ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან განხორციელდა, მოგვცა ის შედეგი, რომ სიტუაცია დასტაბილურდა, დაიწყო ინფიცირებულთა კლება, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების საფუძველს. წინ გვაქვს ახალი წელი, რომელიც ჩვეულებრივი ვერ იქნება, რადგან ქვეყანას ასეთი დიდი მსხვერპლი აქვს, ბევრ ოჯახში პრობლემებია, აქედან გამომდინარე მე ვთხოვ მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღნიშნეთ ეს დღე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.