ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დასასტაბილურებლად, სახელმწიფომ დაწესებული რეგულაციები უნდა აღასრულოს, მოსახლეობამ კი რეკომენდაციები უნდა დაიცვას.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ყოველდღიურად ქვეყანაში 30 000-მდე აცრილი ადამიანი იქნება, რადგან ეს გრძელვადიან პერსპექტივაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან არსებული რეგულაციების აღსრულება და მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ყველაზე პერსპექტიული და მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში არის ვაქცინაცია და კარგი იქნება, თუ ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება და დღის განმავლობაში გვეყოლება 30 ათასამდე აცრილი ადამიანი. ეს საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის დიდი წარმატება იქნება, რაც მოგვიტანს იმას, რომ წლის ბოლოს გვექნება იმუნური ფენა“, – განაცხადა გოგინავამ.