
ჯანდაცვის სფეროში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამოსავალს კარანტინის შემოღებაში ხედავს.
მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სიტემა, კორონავირუსის შემთხვევბის გაზრდილი მაჩვენებლისთვის მოუმზადებელია. ფხაკაძე აქცენტს ინფრასტრუქტურასა და ინვენტარზე აკეთებს. მისი თქმით, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით არაა რეანიმაციული საწოლები, რაც ადამიანების სასიკვდილოდ გაწირვის ტოლფასია.
„საქართველოში ერთადერთი გამოსავალი კარანტინის შემოღებაა. ვიცი, რომ რასაც ახლა ვამბობ არაპოპულარულია და ძალიან ბევრი ადამიანი გამლანძღავს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები. ევროპას აქვს იმის ფუფუნება, რომ კარანტინი არ გამოაცხადოს. ხალხის გადამზადება აპრილიდან დაიწყეს, გადაიარაღებულია კლინიკები, დატრენინგებული ჰყავთ მედპერსონალი და ა.შ. მათ აქვთ ფუფუნება იმისა, რომ ქვეყნები არ ჩაკეტონ, ინფექციური საწოლების რაოდენობა აქვთ და შენ, როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა არ გაქვს, პრაქტიკულად იქნება სიკვდილი, პირდაპირი მნიშვნელობით!“, - განაცხადა ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას.
ცნობისთვის, დღეს 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.