Digest Logo

რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგმა, რომელიც ანტივაქსერია?! - ხათუნა ზახაშვილი

1627839749
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი სასწავლო პროცესის განახლებამდე მნიშვნელოვნად მიიჩნევს პედაგოგთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაციას. დღეს, 30 ივლისს გამართულ ვებინარზე მან საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და ანტივაქსერი პედაგოგების მიმართ მკვეთრი განცხადებაც გააკეთა:

 

„ცოტა გაურკვეველია, რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგმა, რომელიც ანტივაქსერია და მიიჩნევს, რომ ვაქცინა არ არის შექმნილი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. მაშინ როდესაც ვაქცინაზე უკეთესი შედეგი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის თითზე ჩამოსათვლელია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ალბათ გადალახვადი სირთულეა მაინც და მგონია, რომ სექტემბრამდე მაინც მაქსიმალურად მოხდება პედაგოგების მობილიზაცია ამ მიმართულებით და ისინი ჩაიტარებენ ვაქცინაციას“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. მისი მიმართვის ადრესატები გახდნენ ასევე ის მშობლებიც, რომელთა შვილებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი. ხათუნა ზახაშვილის თანახმად, მაღალკლასელების აცრაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

„ამ მოზარდების აცრა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ლაპარაკი გვაქვს სასკოლო პროცესების აღდგენაზე და სრულფასოვნად წარმართვაზე სექტემბრიდან. თუ ამ ასაკის ბავშვები იქნებიან მაქსიმალურად აცრილები პედაგოგებთან ერთად, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასკოლო პროცესის უსაფრთხოებას.

მოვუწოდებ ყველა მშობელს, ვისაც ჰყავს ამ ასაკის შვილი და მათ პედაგოგებს, რომ დროულად ჩატარდეს ვაქცინაცია 16 წლისა და ზედა ასაკის მოსწავლეებში, ასევე სკოლის მასწავლებლებში“, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.