კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ტესტის გაკეთება სიმპტომებიდან მეოთხე დღეს არის რეკომენდებული.
როგორც ბუწაშვილი აღნიშნავს, ბავშვებში მაღალია გავრცელება, რადგან ბავშვთა დიდი სეგმენტი აუცრელია.
„ზედმეტი სიმშვიდე დაეუფლა მოსახლეობას „ომიკრონთან“ დაკავშირებით, რაც არასწორია. რეალურად ჩვენ არ ვიცით რის წინაშე ვართ. მთის კურორტებზე ზედმეტად მშვიდად არის ხალხი. სიმპტომების მიხედვის დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზების ინფექციას, ვინაიდან ვირუსი ძალიან ადვილად ერწყმის მასპინძელ უჯრედებს. ზემო სასუნთქ გზებშივე იჭერს ვირუსს უჯრედები და ამიტომაც ფილტვის ქსოვილამდე ნაკლებად აღწევს და არ ახასიათებს ფილტვის დაზიანება.
ვინაიდან ბავშვთა დიდი სეგმენტი აუცრელია პროპორციულად ბავშვებში მაღალია გავრცელება. ადამიანები, რომლებიც აცრილები არიან სამჯერადად მათთან 70-80%-ია ვაქცინის ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციის შემცირების რისკის კუთხით. ორჯერადად აცრილებში ეფექტიანობა 20%-მდეა შემცირებული, კოვიდგადატანილები პლუს ორჯერადად ვაქცინირებულების დაცვა საკმაოდ მაღალია და უახლოვდება ბუსტერ დოზა გაკეთებულების პროცენტს, შესაბამისად, კარგად დაცული სეგმენტია - გადატანილი პლუს ვაქცინირებული და ორჯერადად ვაქცინირებული და ბუსტერ დოზა გაკეთებული. ეპიდემიოლოგიური კუთხით, ვაქცინაცია წინა პლანზე არ არის. ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციისგან და გართულებისგან გვიცავს. ანტიგენის ტესტმა „დრო მოჭამა“ და მთლიანად უნდა გადავიდეთ პისიარზე“,- აცხადებს მაია ბუწაშვილი.
ინფექციონისტის თქმით, კორონავირუსი, შესაძლოა, ჩვეულებრივ რესპირატორულ ვირუსად გადაიქცეს.
„თუ ჩვენ თავზე არ დაგვეცემა ახალი მონსტრი რეკომბინანტი, რომელიც შეიძენს ისეთ გენებს, რომელიც თან იქნება „ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფით და თან იქნება დელტას გართულებების თვისებებით, მოსაზრებას რომ „ომიკრონი“ დაასრულებს პანდემიას არსებობის უფლება აქვს. ვინაიდან დიდი სისწრაფით ვრცელდება და იმუნური ფენა გვეყოლება ძალიან მაღალი, ჩვეულებრივ რესპირატორულ ვირუსად, შეიძლება, გადაიქცეს და ამის ალბათობა მაღალია“, - აღნიშნავს ინფექციონისტი.