Digest Logo

საცივის რეცეპტი მე არასოდეს მომიწოდებია, აქედან გამომდინარე, ყველამ თავისი საქმე აკეთოს - პაატა იმნაძე რესტორატორებს

1612445673
პაატა იმნაძე, იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ შემოგვიბრუნდება თუ არა კორონა, დამოკიდებულია წესების დაცვაზე.

მისი თქმით, საქართველოში ნიღბების სწორად მოხმარების მაჩვენებელი 70-72%-ს უდრის, რაც ცუდი არ არის, თუმცა უკეთესი იქნება, თუ პროცენტულობა 90-ს გადააჭარბებს, რაც უზრუნველყოფს ხალხის მეტად დაცულობას.

„უკეთესი იქნება, თუ 90%-ს გადასცდება, მაშინ უფრო დაცულები ვიქნებით.“ - აცხადებს იმნაძე.

იგი, ასევე, გამოეხმაურა რესტორნების გახსნის მოთხოვნის მიზნით რესტორატორთა მიერ დაანონსებულ აქციას:

„მე კერძების მომზადებაში არ უნდა ჩავერიო და ისინი ეპიდემიოლოგიაში რატომ ერევიან?

საცივის რეცეპტი მე არასოდეს მომიწოდებია , აქედან გამომდინარე, ყველამ თავისი საქმე აკეთოს.“ - განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნისას ითვალისწინებენ გარემოებას, რომ ქვეყანა გახსნიდან თვე ნახევარში კვლავ დასაკეტი არ გახდეს, არ გამოვლინდეს გართულებები და არ მოგვიწიოს შეზღუდვების ხელახლა დაწესება.

„ისე უნდა გავიხსნათ, რომ გაზაფხულის ბოლო, ზაფხული მაქსიმალურად მიახლოებული იყოს ნორმალურ ცხოვრებასთან.“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ გახდა ამდენი შეზღუდვა საჭირო, როცა თავადვე მოგვიწოდებდნენ, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა გვესწავლა, იმნაძემ შემდეგნაირად უპასუხა:

„რომ ვერ ვისწავლეთ თანაცხოვრება, იძულებული გახდა სახელმწიფო ჩარეულიყო და ესწავლებინა ეს თანაცხოვრება.“

და ბოლოს, იგი აღნიშნავს, რომ ვაქცინის შერჩევისას ყურადსაღებია მისი ხელსაყრელობა ქვეყნისთვის და აღიარებულობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

„საქართველო შემოიტანს იმ ვაქცინას, რომელიც ყველაზე ხელსაყრელი იქნება ქვეყნისთვის და აღიარებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.“ - განაცხადა იმნაძემ.