თუ ადამიანები წესებს არ იცავენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, შეზღუდვები დააწესოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
„ევროპასთან შედარებით, ჩვენთან შეზღუდვები ძალიან ლიბერალურია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ გავიკეთებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო არეალში დაიცავს წესებს და გააკონტროლებს სიტუაციას, შემსუბუქება შესაძლებელი იქნება. თუ არა, მაშინ გამკაცრებული შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ. თუ ადამიანები წესებს არ იცავენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, შეზღუდვები დააწესოს”, - აცხადებს იმნაძე.
რადიკალური შეზღუდვების მომხრე ვართ - გამყრელძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
„გარკვეული მონახაზები არის, რაზეც მთავრობამ თავის დროზე განაცხადა 24 დეკემბერთან დაკავშირებით და მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება.
შეზღუდვების შემსუბუქება, რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავს და ამიტომ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უფრო რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის მოთხოვნილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 26 ნოემბრიდან დაწესდა შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში არებული ეპიდვითარების ფონზე ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს.