თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული მისი ჯანმრთელობის შესახებ „მთავარ არხთან“ საუბრობს.
როგორც პოლიტიკოსი ჰყვება, მან ურთულესი დღეები გადაიტანა, ასევე საუბრობს იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობს მისი რეაბილიტაცია.
ავადმყოფობა უსიმპტომოდ დაიწყო – თინა ხიდაშელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ კოვიდის მატარებელი იყო, როდესაც მისი ოჯახის ყველა წევრი დაავადდა. აღმოჩნდა, რომ კორონა სახლში მან თვითონ მიიტანა.
ერთ დღესაც მან გონება დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა, უკვე კლინიკაში იწვა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.
მას ხელახლა მოუხდა წესიერად მეტყველების სწავლა; ხელახლა სწავლობს სიარულს. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის კვალი მას ვიზუალურადაც ეტყობა – თქვენ ამას ახლა თავად ნახავთ. და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური ამბავი – თინა ამბობს, რომ მას თმა აღარ ეზრდება… კი არ ცვივა – არა, არ ცვივა; უბრალოდ, კვირების განმავლობაში აღარ ეზრდება.
ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა, რომელმაც ჩაწერა ეს ინტერვიუ, თქვა, რომ ყველაზე ემოციურად და ყველაზე ბევრი თინამ სწორედ დათო უსუფაშვილზე ილაპარაკა, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს უთქვამს: “საკმარისად ვერ ვთქვი დათოზე, რისი მოყოლაც მინდოდაო”. როგორც ჩანს, მადლიერების გრძნობა მეუღლის მიმართ იმდენად დიდი აქვს, რომ არ ყოფნის ამ გრძნობის გამოხატვა.
დათო – რომელსაც ზუსტად ამ ურთულეს პერიოდში, მთელი ოჯახის ავადმყოფობის დროს მამა გარდაეცვალა – მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდა ძლიერი ქალისთვის, რომელმაც მისი დახმარებით აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ შეიძლება სუსტიც იყო და ეს ადამიანებს არ დაუმალო. სისუსტის ჩვენება არ ნიშნავს უძლურებას. პირიქით, საკუთარ თავში უღონობის აღიარებას და სხვებისთვის გაზიარებას დიდი ძალა სჭირდება.
თინა ხიდაშელმა ეს შეძლო.