დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია კვლავ აქტიურ ფაზაშია. ის ვირუსისგან თავდასაცავად 5 რეკომენდაციას გასცემს და მათი შესრულებისკენ მოგვიწოდებს:
„პირველი - ყველგან, უკვე არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხდება, ვატაროთ პირბადე.
მეორე - დისტანცია, საუკეთესოა, 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.
მესამე - ხელების ხშირი დაბანა და ზოგადი სანიტარული წესების დაცვა, ხელების ხშირი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.
მეოთხე - მცირე შეკრებები, მაქსიმუმ 6-10 ადამიანი და უფრო ხშირად ღია სივრცეში.
მეხუთე - რეკომენდაციაა, თავის არიდება ყოველგვარი დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო, სადღესასწაულო, რადგან ეპიდაფეთქებების წყარო სწორედ ის გახლავთ, რომ დიდ თავშეყრებზე არ ხდება პრევენციული ღონისძიებების დაცვა.
ყველა ეპიდაფეთქება, რაც გვქონდა, დიდი შეკრებებისა თუ დღესასწაულების გამოძახილი იყო, უმორჩილესად გთხოვთ, ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად ეს 5 პრევენციული ღონისძიება რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელი“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.