დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემოდგომაზე საქართველოში დიდი ალბათობით 12 წლის ზემოთ ასაკის პირების ვაქცინაცია დაიწყება.
მისი თქმით, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ეფექტიანობაზე კლინიკური კვლევები უკვე დიდი ხანია დამთავრებულია. ქვეყანა ჯანმოს და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას ელოდება.
„ეს მსჯელობა ნამდვილად მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის საბჭოზე, ისე საკოორდინაციო საბჭოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამის რეკომენდაციას ველოდებით.
მოგეხსენებათ რამდენიმე ქვეყანამ თავისი მარეგულირებლის დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან ზემოთ მოზარდებს, ძირითადად „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, ჯერჯერობით ამ ორი ვაქცინით, რადგან უკვე კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში, დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია.
ჩვენ ველოდებით ჯანმოს და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება, მე ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ თანდათან ამ ასაკის პირების აცრებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.