ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში 7 სექტემბრის ახალ მთვარეობაზე წერს, მისი თქმით იდეალური დროა, მომდევნო ერთი თვის სამოქმედო გეგმის შესადგენად.
„7 სექტემბერს ახალი მთვარეა ქალწულში (14°38). პიკი - 04:52სთ.
ახალი მთვარე, როგორც ყოველთვის, განახლებულ ენერგიას, ახალ მიზნებსა და შანსებს გვპირდება. იდეალური დროა, მომდევნო ერთი თვის სამოქმედო გეგმის შესადგენად და სიახლეებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად
ქალწული მიწის სტიქიასა და მუტაბელურ ჯვარს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკული მიდგომები და მოქნილობა აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგებს.
მისი მმართველი მერკურის წყალობით ქალწული გასაოცარი ანალიტიკური და დაკვირვების უნარით გამოირჩევა. ის ამჩნევს ყველა დეტალს, ნიუანსს და ცდილობს, ყველაფერი სრულყოს, დახვეწოს და იდეალური სახე მისცეს.
სად გვჭირდება დეტალებზე მეტი ყურადღება?
სად, რა საჭიროებს სრულყოფას?
ქალწული ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანია და ალბათ, შემთხვევითიც არ არის, რომ სწორედ მზის ამ ნიშანში ტრანზიტისას ვუბრუნდებით სამუშაოს. მას გასაოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ცდილობს, თვითონ, საკუთარი ხელით გააკეთოს საქმე. ქალწული არამხოლოდ შედეგებზე ორიენტირებული ნიშანია, არამედ მას მუშაობის პროცესშიც კი შეუძლია, ბედნიერების მიზეზები ისეთ წვრილმანებში აღმოაჩინოს, რასაც სხვა ნიშნები ყურადღებასაც არ მიაქცევენ.
ქალწული უკავშირდება ფიზიკურ სხეულსა და ჯანმრთელობასაც. იდეალური დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ვარჯიშის დასაწყებად, ჯანსაღი კვების რაციონის შესადგენად და მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. მერკურს სასწორიდან ახალი მთვარის დროს ჯერ ისევ ჰარმონიული ასპექტი აკავშირებს სატურნთან და ოპოზიციურ ასპექტს ქმნის ქირონთან.
სად გვჭირდება "მკურნალობა" მეტი ბალანსისა და ჰარმონიისთვის?
ჯერ ისევ გვაქვს შანსი, ლოგიკურად და ცივი, ანალიტიკური გონებით მივიღოთ გადაწყვეტილებები.
მარსისა და პლუტონის ჰარმონიული ასპექტი (ქალწული/თხის რქა) მიზნებზე ფოკუსირებასა და მათ მისაღწევად ეფექტური, თამამი ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარება. ეს ასპექტი უშიშარ ხასიათს გვაძლევს, რომელიც ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში შეგვიწყობს ხელს.
ვენერა-პლუტონის კვადრატით გამოწვეულ ეჭვიანობასა და კონტროლის სურვილს თუ ჩარჩოებში მოვაქცევთ, იუპიტერთან ჰარმონიული ასპექტის დახმარებით შეგვიძლია, ურთიერთობებშიც მეტი პოზიტივი, ხალისი და ოპტიმიზმი შემოვიტანოთ.
თავად ახალი მთვარის ზუსტი ტრინი ურანთან კი შანსს გვაძლევს, უამრავ საკითხს შევხედოთ სრულიად ახლებური თვალით, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და ვუთხრათ „კი“ გამოწვევებს, სიახლეებს, შანსებს როგორც საქმიან, ისე ურთიერთობების სფეროში. ახალი მთვარეც და ურანიც მიწის ნიშნებშია (ქალწული/კურო), ამიტომ შეგვიძლია, ეს ენერგია შემოსავლის მიღების ახალი წყაროების მიგნებისთვისაც გამოვიყენოთ. ამ ასპექტის საკვანძო ფრაზა „პრაქტიკული სიახლეებია“.
საერთო ჯამში ეს ახალი მთვარე საკმაოდ კარგი პოტენციალის მატარებელია. მთავარია, შევძლოთ ამ შანსების პრაქტიკული გამოყენება.
ყურადღება მიაქციე, შენს რუკაში რომელ სახლში ხვდება ახალი მთვარის წერტილი. სწორედ იმ სფეროებში დაგჭირდება ქალწულის ხასიათის გამოვლენა და იქვე გექნება სიახლეების შემოტანის შანსიც,“- წერს ასტროლოგი დავით ნიბლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: