ლეო მესი „ბარსელონას“ ტოვებს. ის კლუბთან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებს.
არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად.
მიღებული აქვს ოქროს ბურთის სარეკორდო რაოდენობა — ექვსი, რომელთაგან პირველი ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში მოიგო. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევს.
მესიმ ფეხბურთის თამაში ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. „ბარსელონამ“ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. „ბარსელონამ“ მესის „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შესთავაზა.
2004–05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში „ბარსელონამ“ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მისი პირველი კარგი სეზონი 2006–07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა.
2008–09 წლების სეზონში მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009–10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.
მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომელთაგან ორი ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელთა მიერ ჩატარებული ხუთი მატჩიდან მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ამ გოლით მესი ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და სამხრეთ ამერიკის თასს დაეუფლა.
ამასთან, როგორც 4 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის ავტორს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადაეცა, გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელადაც იგი დაასახელეს.